პარტია მოქალაქეების დეპუტატები პარლამენტში შედიან
პარტია მოქალაქეების წევრების – ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის განცხადებით, ქართულ ოცნებასთან საარჩევნო სისტემის „ფუნდამენტურ“ რეფორმაზე მიღწეული შეთახმების შემდეგ საპარლამენტო მანდატებს იღებენ და პარლამენტში შედიან.
პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიით შესული ოთხი დეპუტატის შემდეგ, მოქალაქეები პირველი ოპოზიციური პარტია იქნება, რომელიც ოპოზიციის საერთო ბოიკოტის ფონზე საკანონმდებლო საქმიანობაში ჩაერთვება.
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან და ფრაქცია ქართული ოცნების ხელმძღვანელთან მამუკა მდინარაძესთან დღეს პარლამენტში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეთანხმების თანახმად:
- მომდევნო არჩევნები ელქტრონული სისტემით ჩატარდება;
- კარუსელების თავიდან ასაცილებლად მარკირების ნაცვლად თითის ანაბეჭდის სისტემა დაინერგება;
- ყველა საარჩევნო უბნიდან პირდაპირი ტრანსლირება მოხდება;
- ყველა უბანზე ელექტრონული ხმის მთვლელი აპარატები განთავსდება;
- გარე პერიმეტრზე პარტიების წარმომადგენლებისთვის 25 მეტრიანი ზღვარი 100 მეტრამდე გაიზრდება;
- საოლქო და საუბნო კომისიებში ყველა იმ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი იქნება, რომელმაც საარჩევნო ბარიერი გადალახა;
- ცესკოს თავმჯდომარის არჩევა მოხდება სხვაგვარად და გამჭვირვალედ.
„[5%-იანი] საარჩევნო ბარიერის დაწევა არის ერთადერთი საკითხი, რომელსაც საკონსტიტუციო უმრავლესობა [113 ხმა] სჭირდება და აქ უნდა გამოიჩინოს პსუხისმგებლობა დანარჩენმა ოპოზიციამ“, – თქვა ელისაშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ მან და მისმა კოლეგამ მმართველ პარტიას შესაძლებლობის „მაქსიმუმი გამოგლიჯეს“.
მოქალაქეების ლიდერმა განმარტა, რომ დადებული პირობის თანახმად, შეთანხმებული საკითხების პარლამენტში ინიცირება 1 მარტამდე, ხოლო განხილვა – 1 მაისამდე უნდა დასრულდეს. „თუ პირველ მარტამდე არ მოხდა [შეთანხმებული საკითხების] ინიცირება, როგორც შემოვედით პარლამენტში, ისე გავალთ“, – დაამატა მან.
მედიასთან მოქალაქეების მეორე დეპუტატმა, ლევან იოსელიანმაც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ქართულ ოცნებასთან საარჩევნო სისტემის რეფორმის ყველ ის საკითხი შეთანხმდა, რომლებზეც ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით გამართული მოლაპარაკების მეოთხე რაუნდზე იყო მთლიანად ოპოზიცია და მმართველი პარტია შეჯერდნენ.
იოსელიანმა ისიც აღნიშნა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ოცნების ლიდერებმა პოლიტპატიმრების საკითხის განხილვაზე საერთოდ უარი თქვეს. მანვე ოპოზიციის დანარჩენ ნაწილს საკითხების „მოლაპარაკებების ფარგლებში“ გადაჭრისკენ მოუწოდა.
მოქალაქეებმა ბოიკოტის რეჟიმში მყოფი სხვა დანარჩენი ოპოზიციური პარტებისგან დამოუკიდებლად ქართულ ოცნებასთან ინდივიდუალური შეხვედრები 22 იანვარს მას შემდეგ დაიწყეს, რაც ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას შორის აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით დაწყებული მოლაპარაკებები შეჩერდა.
მოქალაქეებმა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვნებში ამომრჩეველთა ხმების 1.33% მიღეს და 2 სადეპუტატო მანდატი მოიპოვეს.
ასევე წაიკითხეთ:
- ოთხი დეპუტატი „პატრიოტთა ალიანსის“ სიით პარლამენტში შედის და პარტიას ტოვებს
- მე-10 მოწვევის პარლამენტი ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე შეიკრიბა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)