საქართველო ევროკავშირმა კოვიდ-19-ის ვაქცინის ექსპორტის უფრო მკაცრი კონტროლისგან გაათავისუფლა
საქართველო იმ 100-ზე მეტი ქვეყნის ჩამონათვალში შევიდა, რომლებიც ევროკავშირის მხრიდან კოვიდ-19-ის ვაქცინის ექსპორტის უფრო მკაცრი კონტროლისგან თავისუფლდებიან.
რეგულაცია, რომელსაც „ექსპორტის აკრძალვად“ მოიხსენებენ, ევროკავშირმა 29 იანვარს, „ასტრაზენეკასთან“ კოვიდ-19-ის ვაქცინის დოზების უკმარისობის გარშემო მისი ბოლოდროინდელი უთანხმოების შემდეგ მიიღო. მექანიზმი ძალაში 30 იანვრიდან შევიდა.
საქართველოსთან ერთად, უფრო მკაცრი კონტროლისგან გათავისუფლებულთა სიაში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნები – სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა და უკრაინაც შედიან.
აშშ, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, კანადა და სხვა უფრო მეტად მდიდარი ქვეყნები ამგვარ გამონაკლისს მიღმა დარჩნენ და ევროკავშირიდან მათთვის ვაქცინის გაგზავნას ბლოკის წევრი ქვეყნების მთავრობების წინასწარი ნებართვა დასჭირდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)