ადგილობრივები ჩხოროწყუს მერის გადადგომას ითხოვენ

ადგილობრივი მაცხოვრებლების ჯგუფმა დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის გადადგომა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს გამო მოითხოვა, სადაც ნაჩვენებია, რომ, სავარაუდოდ, სკოლის მოსწავლეები მერიის საპირფარეშოს ალაგებენ.  

ადგილობრივი საჯარო სკოლის რამდენიმე მეშვიდეკლასელი მერიის დასალაგებლად მუნიციპალური დასუფთავების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, ეთერ ჯაფარიძემ წაიყვანა.  

ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა ქართულ მედია საშუალებას უთხრა, რომ მათ წინასწარ არ იცოდნენ, თუ საპირფარეშოს დალაგება მოუწევდათ. მეორე მოზარდმა აღნიშნა, რომ მათ თავდაპირველად მერიის შესასვლელი დარბაზი დაალაგეს, შემდეგ კი საპირფარეშოს იატაკის დალაგებას მას შემდეგ შეეცადნენ, რაც მათმა ორმა თანაკლასელმა „რაღაც დააქცია“.  

ოპოზიციონერმა აქტივისტმა მერი ფაქტის დამალვაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მერიის დასუფთავების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი მერის ნათესავია.  

ჩხოროწყუს მერმა დავით გოგუამ განაცხადა, რომ ეთერ ჯაფარიძემ თვითნებურად იმოქმედა და აღნიშნა, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, ბავშვებს მერიის ტერიტორია დაატოვებინეს. 

მერმა ასევე აღნიშნა, რომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით აღიძრა, რაც იძულებას გულისხმობს.  

თავის მხრივ, ჯაფარიძემ არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევა უარყო და განაცხადა, რომ ბავშვები პატარაობიდანვე უნდა „მიეჩვიონ” შრომას. მისი თქმით, „როცა გაიზრდებიან, მაშინ იტყვიან, რომ ამ ქალს ჩვენთვის ეს სიკეთე უნდოდა“.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)