სასამართლომ ოთარ ფარცხალაძე ყოფილი მთავარი აუდიტორის ცემის საქმეში გაამართლა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე 2017 წელს, ყოფილი მთავარი აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის საქმეში გაამართლა.

სასამართლომ „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურდა, რომ პროცესი იანვრის ბოლოს გაიმართა და ფარცხლაძის გამართლების პარალელურად, ამავე საქმეზე მეორე ბრალდებულს, ფინანსური პოლიციის ყოფილ თანამშრომელს, მიხეილ ჩოხელს – 5 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

„თავდაპირველადვე ცხადი იყო, რომ ეს იყო შერჩევითი მართლმსაჯულება [და] წინასწარ შეთანხმებული ბრალი“, – თქვა დაზარალებულის ადვოკატმა, ეკა ქობესაშვილმა და დაამატა, რომ სამართლებრივი პროცესი მთლიანად დარღვევით მიმდნარეობდა და არც საქმის კვალიციკაცია იყო სწორი.

პროკურატურაში „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრეს, რომ ბრალდების მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩვრებს.

ყოფილმა მთავარმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ 2017 წლის მაისში თქვა, რომ მას შარდენის ქუჩაზე, კაფე „ელ-ცენტროში“ თავს ყოფილი გენერალური პროკურორი დაესხა. მაშინ თორდია ამტკიცებდა, რომ თავდასხმა აუდიტის სამსახურის დასკვნას უკავშირდებოდა, რომელიც თბილისის მერიის მიერ მიწის ნაკვეთების გასხვისების კორუფციულ სქემას ეხებოდა, რომელშიც ოთარ ფარცხალაძეც იყო ჩართული.

თავის მხრივ, ფარცხალაძე ამბობდა, რომ „კონფლიქტის ინიციატორი თავად ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლაშა თორდია“ იყო.

ლაშა თორდიას ცემის საქმეზე პროკურატურამ ფარცხალაძესა და ჩოხელს ბრალი 2018 წლის ნოემბერში წარუდგინა, სასამართლომ კი მათ 5 000-5 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

ოთარ ფარცხალაძეს გენერალური პროკურორის პოსტი 2013 წელს ერთი თვით ეკავა. ფარცხალძემ თანამდებობა, ყოფილი ხელისუფლების შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილი საკნიდან შესაძლო გაყვანისა და დანაშაულებრივი წარსულის შესახებ მის მიმართ ბრალდებების შემდეგ დატოვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)