EBRD-ის პრეზიდენტი საქართველოს ვირტუალურად სტუმრობდა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ახალი პრეზიდენტი ოდილ რენო-ბასო საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას, ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანსა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს ვიდეო ფორმატში შეხვდა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანის გეგმებზე საუბრისას განაცხადა, რომ საჭირო იქნება ღრმა რეფორმების განხორციელება, რომელთა შორის მნიშვნელოვანია ენერგოეფექტურობისა და მწვანე ენერგიის მიმართულებები.
EBRD-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ბანკი მზად არის საქართველოს რეფორმების განხორციელებაში დაეხმაროს.
„როგორც მწვანე ეკონომიკა, ისე მცირე და საშუალო ბიზნესები (და, ზოგადად, კერძო სექტორი) EBRD-ის სპეციფიკაა. ბევრ რამეზე შეგვიძლია ერთად მუშაობა“, – დაწერა EBRD-ის პრეზიდენტმა Twitter-ზე შეხვედრის შემდეგ.
იმავე დღეს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და მისი კაბინეტის სამმა წევრმა EBRD-ის პრეზიდენტთან ერთობლივი ონლაინ კონფერენცია გამართეს და პოსტპანდემიური ეკონომიკური აღდგენის შესახებ ისაუბრეს, მათ შორის, ისეთ სფეროებში, როგორებიცაა – ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა და სტრუქტურული რეფორმები.
ვინაიდან EBRD-ის საქართველოსთან თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგიული პროგრამა დასასრულს უახლოვდება, ოდილ რენო-ბასომ ხაზი გაუსვა, რომ მომდევნო გეგმაში აქცენტი მწვანე ეკონომიკაზე, დიგიტალიზაციასა და სოციალურ უთანასწორობაზე გაკეთდება.
საქართველოში 1-2 თებერვალს „ვირტუალური ვიზიტის“ ფარგლებში, EBRD-ის პრეზიდენტი ვიდეო ფორმატში ასევე შეხვდა თბილისის მერ კახა კალაძეს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს, აგრეთვე დონორ ორგანიზაციებს და სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს.
შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ EBRD-ის სხვა წარმომადგენლები – ვიცე-პრეზიდენტი ალან პილუ, რეგიონული მმართველი დირექტორი მატეო პატრონი და რეგიონული დირექტორი კავკასიაში, კატარინა ბიურლინ ჰანსენი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)