ლევან იოსელიანი პარლამენტის ვიცე-სპიკერად აირჩიეს
პარტია მოქალაქეების დეპუტატი ლევან იოსელიანი 4 თებერვლის პლენარულ სხდომაზე 87 ხმით პარლამენტის ვიცე-სპიკერად აირჩეს.
მოქალაქეების დეპუტატებმა – ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა საკანონმდებლო საქმიანობაში ჩართვა 29 იანვარს, ქართულ ოცნებასთან საარჩევნო რეფორმაზე მიღწეული შეთანხმების შემდეგ გადაწყვიტეს.
2 თებერვალს, ვიცე-სპიკერად ევროპელი სოციალისტების დეპუტატის, ავთანდილ ენუქიძის არჩევის შემდეგ, ლევან იოსელიანი უკვე მეორე ოპოზიციონერი დეპუტატია, რომელმაც ოპოზიციის კვოტით ვიცე-სპიკერის პოსტი დაიკავა.
ოპოზიციის ბოიკოტის გამო პარლამენტის თავმჯდომარის 5 მოადგილიდან ოპოზიციისთვის განკუთვნილი 2 ადგილი 12 დეკემბერს, ახალი პარლამენტის ამოქმედებიდან ვაკანტური იყო.
ოპოზიციისთვის განკუთვნილი კვოტის მიუხედავად, იოსელიანმა და ენუქიძემ პოსტების დაკავება მხოლოდ პარლამენტის მიერ 28 იანვარს მიღებული ცვლილებების შემდეგ შეძლეს, რომელთა მიხედვითაც ფრაქციის გარეშე მყოფ დეპუტატებს ვიცე-სპიკერებისა და კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეების წარდგენის შესაძლებლობა მიეცათ.
ცვლილებების მიღებამდე, ასეთი შესაძლებლობა არ იყო, რამდენადაც ფრაქციის შესაქმნელად 7 დეპუტატია საჭირო, ამ მოთხოვნას კი – ევროპელი სოციალისტები და მოქალაქეები ვერ აკმაყოფილებენ.
ცვლილებები სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის ნაწილმა გააკრიტიკეს და ოპოზიციონერი დეპუტატების „მოსყიდვად“ შეაფასეს.
საპარლამენტო არჩევნების „გაყალბების“ გამო ოპოზიციის დიდი ნაწილის ბოიკოტის ფონზე 15 კომიტეტში კვლავაც ვაკანტურია ოპოზიციის კვოტით გათვალისიწინებული თავმჯდომარეების მოადგილეების პოსტები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)