ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქეს 12.5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 5 თებერვლის განცხადებით, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ „სასამართლომ“ საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცხინვალის საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, გასული წლის ივლისში, ჯერ ფეხის არეში დაჭრეს, შემდეგ დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.
გავრცელებული ცნობებით, საქართველოს მოქალაქე რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე და 322-ე მუხლებით გაასამართლეს, რაც „სამართალდამცველი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლეზე თავდასხმასა“ და „საზღვრის უკანონო კვეთას“ გულისხმობს.
„ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის თანმდევი პროცესების ანტიჰუმანური და დანაშაულებრივი არსი, რომელზეც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას“, – აცხადებენ სუს-ში.
უწყების განცხადებით, გახელაძის დაკავებიდან საქართველოს ხელისუფლება ხელისუფლება იყენებს ყველა არსებულ მექანიზმს და „საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს“.
„ერთობლივი ძალისხმევით, კეთდება ყველაფერი, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს“, – აცხადებენ სუსში.
„ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციული გადაწყვეტილების“ გამო „უკიდურესი შეშფოთება“ გამოხატა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
საგარეო უწყების შეფასებით, აღნიშნული საქართველოში დესტაბილიზაციის მიზნით რუსეთის ფედერაციის „დესტრუქციული გეგმების“ გამოხატულებაა, „მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი კვლავაც აგრძელებს დეკლარაციულ განცხადებებს დიალოგისა და თანამშრომლობის სურვილის შესახებ“.
სამინისტროს განცხადებით, გახელაძის „უკანონო დაკავებაში“ დატოვება „განსაკუთრებით აღმაშფოთებელია“ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილების ფონზე, რომელმაც „რუსეთს, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, დააკისრა პასუხისმგებლობა ადგილზე ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების გამო“.
„მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მორიგ პროვოკაციას და ქმედითი ზომები მიიღონ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად“, – ვკითხულობთ საგარეო უწყების განცხადებაში.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)