მოსკოვის განცხადებით, საქართველოსთან ფრენების განახლების პირობები უცვლელია
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ 10 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოსთან რეგულარული ფრენების აღდგენის „პირობებს არ ცვლის“. ინფორმაციას სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.
რუდენკომ განაცხადა, რომ ამ საკითხის მოგვარება დამოკიდებულია პანდემიის კუთხით არსებულ ვითარებასა და ქართული მხარის მიერ საკუთარ ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობების შესრულებაზე.
„რუსეთის ოფიციალურ პირებს არაერთხელ გაუჟღერებიათ [ფრენების აკრძალვის შესახებ] განკარგულების გაუქმების პირობები“, – დასძინა რუდენკომ.
ფრენების უახლოეს მომავალში აღდგენის თაობაზე იმედი 2020 წლის აპრილში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმაც გამოთქვა. ლავროვის განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა უპასუხა და თქვა: „უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში არც ამ გადაწყვეტილების მიღების დროს და არც მას შემდეგ, არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდათ, რასაც [რუსეთიდან] მილიონზე მეტი ვიზიტორი ადასტურებდა“.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის შეჩერების მითითება, 2019 წლის 21 ივნისს, მას შემდეგ გასცა, რაც წინა დღეს, პარლამენტის წინ, საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმაც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კომუნისტი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში სტუმრობა და მის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის მორგება გააპროტესტეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)