სოხუმმა ენგურზე დაწესებული შეზღუდვები შეამსუბუქა

საქართველოს მთავრობის ცნობით, დღეიდან აფხაზურმა მხარემ თითქმის ერთწლიანი ჩაკეტვის შემდეგ ენგურის გამშვები პუნქტის გადაკვეთაზე დაწესებული შეზღუდვები შეამსუბუქა.

თბილისის ინფორმაციით, დანარჩენ საქართველოში მიმოსვლას აფხაზეთის მკვიდრთა მხოლოდ გარკვეული ნაწილი, მათ შორის, მოხუცები, პენსიონერები და შშმ პირები შეძლებენ.

ამ ფონზე, საქართველოს მთავრობამ ოკუპირებული რეგიონიდან გადმოსულთათვის სავალდებულო საკარანტინო ვადა თორმეტიდან ხუთ დღემდე შეამცირა.

კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, სოხუმმა ენგურის გამშვებ პუნქტზე შეზღუდვები პირველად გასული წლის თებერვლის ბოლოს შემოიღო, 14 მარტს კი პუნქტი გაურკვეველი ვადით ჩაკეტა. ამ ბოლო 11 თვის განმავლობაში სოხუმმა ენგურის ხიდზე ე.წ. „ჰუმანიტარული დერეფანი“ ცალმხრივად ხუთჯერ გახსნა, რითაც ჯამში 4 711-მა მოქალაქემ ისარგებლა. რუსეთთან შეუზღუდავი მიმოსვლა კი ოკუპირებულმა რეგიონმა ჯერ კიდევ აგვისტოში აღადგინა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)