საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი აშშ-ის კონგრესში კვლავ წარადგინეს 

აშშ-ის კონგრესის ორმა წევრმა, კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა – ადამ კინზინგერმა და ჯერალდ კონოლიმ 10 თებერვალს კონგრესში კვლავ წარადგინესსაქართველოს მხარდამჭერი აქტი“.

რეზოლუციის პროექტი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას „საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, ხაზს უსვამს, რომ „[უნდა] გაძლიერდეს საქართველოს შეკავების, გამძლეობის და თავდაცვის შესაძლებლობები, მათ შორის, საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად სათანადო დახმარების აღმოჩენის გზით“.

დოკუმენტი უფლებამოსილებას ანიჭებს აშშ-ის პრეზიდენტს, რომ სავიზო და ფინანსური სანქციები დააკისროს იმ პირებს, რომელთაც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებში ედებათ ბრალი.

დოკუმენტი ასევე მოუწოდებს აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს, გაააქტიუროს მოლაპარაკებები საქართველოსთან ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ასამოქმედებლად.

დოკუმენტის თანახმად, პრესის თავისუფლების ხელშეწყობასთან ერთად, უნდა გაძლიერდეს საქართველოს შესაძლებლობები, რომ გაუმკლავდეს რუსულ დეზინფორმაციასა და პროპაგანდას, რომლის მიზანიც „საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრაა“.

დოკუმენტი ორ ქვეყანას შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზეც ამახვილებს ყურადღებას და საქართველოს რუსულ ინფორმაციასა და კომუნიკაციებზე დამოკიდებულების შემცირების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

კონგრესმენმა კონოლიმ განაცხადა, რომ კანონპროექტის კვლავ წარდგენა „აძლიერებს აშშ-საქართველოს უმნიშვნელოვანეს პარტნიორობას, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ურთიერთობას მსოფლიოს კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაწილში“ და „აღიარებს, რომ საქართველო დიდი ხანია ნატოს ასპირანტი ქვეყანაა“.

თავის მხრივ, კონგრესმენმა კინზინგერმა განაცხადა, რომ „რუსეთის მიერ ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევის ფონზე, საქართველო დაუღალავად შრომობდა დემოკრატიის განვითარებისა და თავისი ხალხის დამოუკიდებლობისთვის“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)