სუსი-ს თქმით, საოკუპაციო ხაზებთან უკანონო დაკავებები არ მოხშირებულა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მცდარია ცნობები, რომ ბოლო წლებში აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო ხაზებთან საქართველოს მოქალაქეთა დაკავებები გახშირდა და რომ დაკავებების თითქოსდა მომრავლება „სახელმწიფოს მიერ ოკუპაციის მიმართულებით გატარებულ, როგორც ზოგად, ისე უსაფრთხოების პოლიტიკას“ უკავშირდება.
სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი საბედაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე თქვა, რომ წინა ხელისუფლების დროს, 2009-2010 წლებში საოკუპაციო ძალებმა 80-80-მდე მოქალაქე დააკავეს, 2011 წელს 140, ხოლო 2012 წელს – 110-მდე. მისი თქმით, 2019-2020 წლებში ეს მაჩვენებელი 86 და 64-ია. საბედაშვილის განცხადებით, ამ მომენტისთვის ცხინვალის რეგიონში ხუთი, აფხაზეთში კი – 1 პირია დაკავებული.
საბედაშვილმა ასევე უარყო, თითქოს ხელისუფლება მალავს უკანონო დაკავების ფაქტებს ან დაკავებულ პირთა ვინაობას. მისი თქმით, ხელისუფლება დაკავებულთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე თითოეულ ფაქტს ცალკე აფასებს და ამის მიხედვით წყვეტს, როდის და როგორ გასაჯაროვდება შესაბამისი ინფორმაცია.
სუს-ის ჩინოსანმა ასევე აღნიშნა, რომ „ცალკეული პირების მიერ მიზანმიმართულად ხდება ფორმალური ინსტრუმენტების მიმართ ნიჰილიზმისა და უიმედობის განცდის დანერგვა“ და რომ მსგავსი „განწყობების წახალისება“ სწორედაც საოკუპაციო რეჟიმს აინტერესებს.
ამასთან, საბედაშვილის თქმით, დაკავებებისადმი ქართული საზოგადოების პროტესტი ლეგიტიმურია და მას სუს-იც იზიარებს, თუმცა საოკუპაციო ხაზთან აქციების მოწყობის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მასშთაბურმა პროტესტმა გამყოფ ხაზთან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას იქ მყოფ სამოქალაქო პირებს, პოლიციას და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.
ასევე წაიკითხეთ:
- ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქეს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
- სუს-ის ცნობით, საოკუპაციო ძალებმა როკის გვირაბთან საქართველოს მოქალაქე დააკავეს
- ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქეს 12.5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)