საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემა და თბილისში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა 11 თებერვალს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ.
„ეს არ არის გერმანიაში მიგრაციის პროექტი, ეს არის დროებითი, სეზონური სამუშაო“, – განაცხადა გერმანიის ელჩმა და დასძინა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოქალაქეები „ხელს შეუწყობენ გერმანიის სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებას და იქ მიღებულ გამოცდილებას საკუთარ ქვეყანაში დასაქმებისთვის გამოიყენებენ“.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დასაქმებას 18-დან 60 წლამდე ის პირები შეძლებენ, რომელთაც გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში შენგენის ზონაში არ უმოგზაურიათ. გარდა ამისა, ისინი ფიზიკურად ჯანმრთელნი უნდა იყვნენ და მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია უნდა ჰქონდეთ. მსურველთა რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყება.
ჯანდაცვის უწყების ცნობით, გერმანიაში სეზონური სამუშაოები 1 აპრილიდან დაიწყება და 1-დან 3 თვემდე გასტანს. სამუშაო დრო კვირაში 5-6 დღე და დღეში 8-10 საათი, მინიმალური ხელფასი კი – საათში 9.50 ევრო (დარიცხული) იქნება გადასახადების, ასევე კვებისა და საცხოვრებელი ხარჯის ჩათვლით.
გუშინდელ განცხადებას წინ უძღოდა 2020 წლის იანვარში ორი ქვეყნის დასაქმების სააგენტოებს შორის მიერ მიღწეული შეთანხმება, რამაც გერმანიაში ლეგალური დასაქმება შესაძლებელი გახადა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)