დავით ბაქრაძე ევროპული საქართველოს თავმჯდომარის პოსტს დატოვებს
ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ დღეს, თანაგუნდელებთან გამართული რამდენიმესაათიანი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ იგი პარტიის ხელმძღვანელის თანამდებობას დატოვებს.
ბაქრაძემ, რომელიც ევროპულ საქართველოს ოთხი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, თქვა, რომ პარტიის ყრილობაზე, რომელიც ორ თვეში გაიმართება, თავმჯდომარის პოსტზე თავის კანდიდატურას აღარ დააყენებს.
ბაქრაძემ გადაწყვეტილების მიზეზებად პარტიისთვის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების „ცუდ შედეგებზე“, მისი, როგორც თავმჯდომარის პასუხისმგებლობა და გუნდის განახლების საჭიროება დაასახელა.
მანვე ხაზი გაუსვა, რომ იგი ოპოზიციური პოლიტიკური ფლანგიდან არ მიდის და „ამ ვითარებაში“ არც პარლამენტში შესვლას განიხილავს. „[პარლამენტის] ბოიკოტი და ყველა მოთხოვნა არის ძალაში“, – განაცხადა მან.
ბაქრაძის შემდეგ, პარტიის გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამაც თქვა, რომ ყრილობაზე იგი ამავე პოსტზე თავის კანდიდატურას ხელახლა აღარ წარადგენს. თუმცა, დასძინა, რომ განახლების შემთხვევაში, იგი პარტიაში დარჩება.
პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ კი აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ იგი ბაქრაძისა და უგულავას გადაწყვეტილებებს პატივს სცემს, მათ არ ეთანხმება. მანვე აღნიშნა, იგი აქტიურ პოლიტიკაში დარჩენას გეგმავს.
დღესვე, ლიდერების განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, პარტიიდან წასვლის შესახებ ევროპული საქართველოს კიდევ ერთმა წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
ევროპული საქართველო, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მალევე გამოეყო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად პირველად მონაწილეობდა და ხმების 3.79%-ით საკანონმდებლო ორგანოში 5 მანდატი მოიპოვა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)