გენერალ-გუბერნატორი ბენია ჩხიკვიშვილი მოქალაქეებს მიმართავს

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1921 წლის 15 თებერვალი, N35

მოწოდება

საქართველოს დემოკრატიის მტრები ერთხელ კიდევ ამხედრდენ ბორჩალოს მაზრაში. მუხანათურად, ქურდულად შემოგვესია სომხეთის საბჭოთა ჯარი. აგრედვე ზოგიერთ სოფლების ნაწილი აჯანყდა და მტრებს გვერდით ამოუდგა საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გასანადგურებლად.

მთავრობა მზათაა როგორც ყოველთვის მოღალატეებს და მუხანათ მტრებს თავისი ადგილი უჩვენოს. თავდამსხმელ მონებს, თავისუფალ სამშობლოს დარაჯნი – ჩვენი ჯარი და გვარდია დაუპირისპიროს.

ის თავის ნაცადი გზით, სულის დამშვიდებით და სიმტკიცით უზრუნველყოფს თავისუფალ დემოკრატიულ საქართველოს გამარჯვებას.

ჯარი და გვარდია თავის მოვალეობას ჯეროვნად აასრულებენ; ჯერი ზურგში დარჩენილ მოქალაქეებზეა. ყველა თავის სადარაჯოზე უნდა იდგეს. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ერთსულოვანი ერი რაგინდ პატარა იყოს ის – უძლეველია.

სრული წესიერება უნდა სუფევდეს რესპუბლიკაში განსაკუთრებით რესპუბლიკის იმ ადგილებში, სადაც სამხედრო წესებია გამოცხადებული და სადაც სწყდება ჩვენი ყოფნა და ყოფნის საკითხი.

რკინის გზათა მუშა-მოსამსახურეთ მოვუწოდებთ მათ მიერ არა ერთხელ ნაცადი გაკეთებული მუშაობისაკენ. არა ერთხელ იხსნა რესპუბლიკა განსაცდელისაგან მათმა თავგანწირულმა შრომამ და ერთგულებამ. ეხლაც, ამ ახალი საფრთხის ჟამს ამასვე მოელის მათგან დემოკრატიული სამშობლო.

ტყვიბულის მაღაროების მუშა მოსამსახურეებისაკენ მიქცეული დღეს მთელი ერის ყურადღება. ყველა აღსავსეა რწმენით, რომ მათ სავსებით შეგნებული აქვთ თავისი მოვალეობა სამშობლოს წინაშე და ნაყოფიერი გაორკეცებული შრომით ხელს შეუწყობენ დემოკრატიის გამარჯვებას, როგორც გარეშე, აგრეთვე შინაურ მტრებთან ბრძოლაში.

ბორჩალოს მაზრის იმ სოფლებმა, რომელთაც ჩაიდინეს რესპუბლიკის და დემოკრატიის წინაშე უდიდესი ღალატი, უნდა იცოდნენ, რომ მშრომელი ხალხი არ დაინდობს ორგულთ და მოღალატეებს. მათ მოელის დამსახურებული სასჯელი კანონიერის გზით. დანარჩენ სოფლებს ვაფრთხილებთ არ აყვნენ მოღალატეთა ფეხის ხმას და უცხო სახელმწიფოს მოყიდულ აგენტების ანკესს არ წამოეგონ. ტფილისისა და მის მცხოვრებლებს მოვუწოდებ სალ კლდესავით ზურგი გაუმაგრონ ხალხის დარაჯებს – ჯარსა და გვარდიას.

ყველა მოქალაქეები სრული შეგნებით უნდა ასრულებდნენ თავრობის და მის ხელისუფლების ბრძანება განკარგულებას.

ქ. ტფილისის. ტფილისის და ბორჩალოს მაზრების, რესპუბლიკის რკინიგზების და ტყვიბულის ქვა ნახშირის მაღაროების გენერალ გუბერნატორი ბენიამინ ჩხიკვიშვილი