სავარაუდოდ გაუპატიურებული მოზარდის თვითმკვლელობას ხელისუფლების მიმართ ბრალდებები მოჰყვა
ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის, ფენინისტური ჯგუფები, სისტემის წარუმატებლობაზე ალაპარაკდნენ მას შემდეგ, რაც აჭარაში, სავარაუდოდ, გაუპატიურებულმა 14 წლის მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
23 წლის ეჭვმიტანილი პოლიციამ მხოლოდ მოზარდის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ დააკავა, ხოლო პროკურატურამ მას ბრალი მხოლოდ გუშინ წაუყენა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის ორჯერ დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, რაც შვიდიდან ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
აქტივისტებმა და ოჯახის ადვოკატმა განაცხადეს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებმა, მათ შორის, პოლიციამ სოციალური დაცვის სააგენტოებმა და პროკურატურამ დროულად ვერ მოაგვარეს პრობლემა. მსხვერპლის ოჯახმა განაცხადა, რომ პოლიციას ჰქონდა ინფორმაცია სექსუალური სახის ორივე დანაშაულის შესახებ. მათივე თქმით, სამედიცინო ექსპერტიზის პასუხებმა ორი თვით დააგვიანა, რა დროსაც ეჭვმიტანილი თავისუფალი იყო.
გარდაცვლილის დედამ, რომელიც ემიგრაციაში იმყოფებოდა და საქართველოში შვილის გარდაცვალების შემდეგ დაბრუნდა, აღნიშნა, რომ მის შვილს საკუთარი ბიძები სასტიკად ექცეოდნენ. კერძოდ, მას შემდეგ, რაც ინციდენტის შესახებ შეიტყვეს, მსხვერპლს სცემეს და მძიმე დაზიანებებით მიატოვეს.
„ტრაგედიას“ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა და დაგმო ძალადობა, ხოლო სახალხო დამცველმა, პირობა დადო, რომ მისი აპარატი შეისწავლის თითოეული სახელმწიფო უწყების პასუხისმგებლობის საკითხს, შესაძლო დაგვიანებული და არაეფექტიანი რეაგირების მიმართულებით.
ქალთა უფლებების დამცველებმა განაცხადეს, რომ ისინი 100-დღიანი კამპანიის დაწყებას გეგმავენ და სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, სისტემური რეფორმების განხორციელებას მოითხოვენ. აქტივისტების თქმით, კანონმდებლობით გაუპატიურების განმარტების მთავარი განმსაზღვრელი მსხვერპლის მხრიდან ნათლად გამოხატული „თანხმობის არარსებობა“ უნდა გახდეს. ისინი სოციალურ მუშაკთა და ფსიქოლოგების რაოდენობის გაზრდას, ასევე პროკურატურაში სპეციალიზებული განყოფილების შექმნასაც ითხოვენ, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს გამოიძიებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)