საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა 11 თებერვალს გამართული სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ იგი მიესალმება იმ ფაქტს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა „როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო“, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებსაც მის შესახებ „განსხვავებული მოსაზრებები აქვთ“.
სინოდმა აღნიშნა, რომ ის პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის „პროპაგანდასთან“ მიმართებით, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა და დასძინა, რომ არავინ უნდა გახდეს შევიწროების, შეურაცხყოფის ან დევნის ობიექტი, როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში.
საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ საკუთარი პოზიცია ეკლესიის ზოგიერთი მსახურის მიერ ანტივაქსერული შეთქმულების თეორიების გავრცელების ფონზე დააფიქსირა. ხელისუფლება კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებას თებერვალ-მარტში გეგმავს.
მართლმადიდებელი ეკლესია ეჭვებს გამოთქვამს იმ ვაქცინების წარმოშობასთან დაკავშირებით, რომელთა შემოტანაც ქვეყანაში იგეგმება. მისივე თქმით, პროფესიონალებმა უნდა განმარტონ, რა გვერდითი მოვლენები და გართულებები ახლავს ვაქცინაციას, როგორც დროის მოკლე პერიოდში, ისე ხანგრძლივ პერსპექტივაში.
სინოდის სხდომა ბოლოს 2020 წლის 20 მარტს გაიმართა და მიუხედავად პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვებისა, სინოდმა სააღდგომო წირვის ჩატარებაზე სადავო გადაწყვეტილება მიიღო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)