ევროპის სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს მინისტრი თბილისს სტუმრობს
ევროპის სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს მინისტრი უენდი მორტონი 15 თებერვალს თბილისში ჩამოვიდა, სადაც იგი უკვე შეხვდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძესა და საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს.
თბილისამდე უენდი მორტონი ბაქოს სტუმრობდა. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მინისტრის შეხვედრა საქართველოს განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან. იგი გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით შექმნილ კრიზისების მართვის ცენტრსაც მოინახულებს, მოგვიანებით კი – საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს ესტუმრება.
დილა მშვიდობისა საქართველო! Wonderful to make my first visit to Tbilisi today, and see the vibrant UK 🇬🇧 – Georgia 🇬🇪 partnership in action. Our countries are close allies and I’m delighted that our relationship is going from strength to strength.
— Wendy Morton MP (@morton_wendy) February 15, 2021
პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე, რიგი საკითხები იქნა განხილული, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული „მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა“ და საოკუპაციო ძალის „პროვოკაციული ქმედებები“.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოქალაქეების დაკავების ფაქტებზე და ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის „რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებასა და ცხინვალის დე ფაქტო სასამართლოს მიერ მისთვის უკანონო პატიმრობის შეფარდების მძიმე ფაქტს“.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს როლზე შავი ზღვის ფართო რეგიონის კონტექსტში და ამ კუთხით გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერის „განსაკუთრებულ“ მნიშვნელობაზე. პოზიტიურად შეფასდა საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორებიც არის – კიბერუსაფრთხოება და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა. ამავე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი გაერთიანებული სამეფოს როლს ვაქცინების გლობალური ხელმისაწვდომობის მხარდაჭერაში.
თავის მხრივ, მინისტრმა მორტონმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე მათ განიხილეს, თუ რა როლი შეიძლება ითამაშოს საქართველომ პანდემიის შემდეგ უფრო სამართლიანი, უფრო მწვანე და უფრო გამძლე ეკონომიკის მშენებლობაში.
Following 🇬🇧 🇬🇪 collaboration in tackling Covid, we’re now looking to the future. Pleasure to meet @GakhariaGiorgi today and discuss how Georgia can make a difference to building a fairer, greener and more resilient 🌍 economy following the pandemic.
— Wendy Morton MP (@morton_wendy) February 15, 2021
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე იმსჯელეს. ამ კონტექსტში აღინიშნა „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მნიშვნელობა და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის „სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას.
ზალკალიანმა და მორტონმა რეგიონში არსებული ვითარება, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები, თანამშრომლობა კიბერუსაფრთხოების სფეროში, ასევე ოკუპირებულ რეგიონებში არსებული სიტუაცია განიხილეს.
მინისტრმა ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა გაერთიანებულ სამეფოს „განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის“ კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში. მხარეებმა ხაზი გაუსვეს პოსტ-პანდემიურ პერიოდში ეკონომიკური ურთიერთობებისა და ხალხთა შორის კავშირების კიდევ უფრო მეტად გააქტიურების მნიშვნელობას.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ და გაერთიანებული სამეფოს მინისტრმა, უენდი მორტონმა ხაზი გაუსვეს 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მნიშვნელობას.
არჩილ თალაკვაძემ სტუმარს საქართველოს პარლამენტის მიერ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ მიღებული რეზოლუცია და დღის წესრიგი გააცნო. თავის მხრივ, მინისტრმა მორტონმა კიდევ ერთხელ გამოხატა გაერთიანებული სამეფოს „ურყევი მხარდაჭერა“ საქართველოს დასავლური მისწრაფებების, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
I was delighted to reinforce the strong Parliamentary connections between the UK & Georgia in my meeting today with Speaker @A_Talakvadze. We agreed that a strong Parliament is the cornerstone of a thriving democracy. 🇬🇧 🤝 🇬🇪 pic.twitter.com/O3qvKO2H6i
— Wendy Morton MP (@morton_wendy) February 15, 2021
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)