ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობს
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლინდე, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის რანგში, 16 თებერვალს საქართველოს სტუმრობს, სადაც იგი უკვე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს, პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
თბილისში ჩამოსვლამდე ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მისი ვიზიტი კიდევ ერთხელ დაადასტურებს ეუთოს მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, კონფლიქტების მოგვარებისა და ინსტიტუტების გაძლიერების საქმეში, იმ სფეროებში, სადაც „ქალებსა და სამოქალაქო საზოგადოებას მნიშვნელოვანი როლი შეუძლიათ შეასრულონ“.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, შეხვედრაზე, მხარეებმა კონფლიქტის მოგვარების საკითხი განიხილეს, რაც „საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში აქტიური ჩართულობა შვედეთის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა, რომ შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გააქტიურების საკითხზე და ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებისა და ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ განხორციელებულ, მათ შორის, პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გააქტიურებულ კიბერშეტევებსა და დეზინფორმაციულ კამპანიას.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძესაც შეხვდა და მასთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული ვითარება განიხილა.
შემდეგ, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა და საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში არსებულ კონფლიქტებზე იმსჯელა. შეხვედრაზე სამშვიდობო პროცესებში ქალების „მნიშვნელოვანი მონაწილეობის“ საკითხიც განიხილეს.
მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს დემოკრატიული რეფორმები და რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საოკუპაციო ძალის „პროვოკაციულ ქმედებებსა და მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე“, მათ შორის, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოქალაქეების დაკავების ფაქტებზე. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა „რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძის დაკავების და ცხინვალის დე-ფაქტო სასამართლოს მიერ მისთვის უკანონო პატიმრობის შეფარდების მძიმე ფაქტს“.
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანხლებით, დღესვე ცხინვალის რეგიონის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ დიდ ხურვალეთსაც ეწვია.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ მოუწოდა სამშვიდობო პროცესებში ქალების მონაწილეობის ზრდისკენ. „ვიმედოვნებ, რომ საქართველო კვლავ დადებითი მაგალითი იქნება“, – დასძინა მან.
თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, შვედეთის ეუთოს თავმჯდომარეობის პერიოდში, საქართველომ ქალი ლიდერების მონაწილეობით საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლოს, რომელიც რეგიონში არსებულ ყველა კონფლიქტზე და მათი მშვიდობიანი გადაჭრის გზებზე იმსჯელებს. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს საარჩევნო სისტემაზეც ისაუბრეს.
დღესვე, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, თეა ახვლედიანს შეხვდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)