ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას პოლიტიკოსები აფასებენ
საქართველოს პარლამენტმა 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ, 16 თებერვალს გამართულ პლენარულ სხდომაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა.
პარლამენტის გადაწყვეტილებას მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეფასებები მოჰყვა. „სამოქალაქო საქართველო“ საკითხზე მხარეთა განსხვავებულ მოსაზრებებს გთავაზობთ.
ქართული ოცნების შეფასება
მამუკა მდინარაძე – ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე: „თუკი, ვინმე ამ პროცესებს ოდნავ ობიექტურად დააკვირდება, ვერცერთ არგუმენტს ვერ დადებს, რომელიც მიუთითებდა იმაზე, თუ რატომ არ უნდა დაეჭირა დღეს საქართველოს პარლამენტს მხარი [მელიას იმუნიტეტის მოხსნისთვის], მაშინ როდესაც ადამიანი პირდაპირ ამბობს, რომ მე გავდივარ კანონის ჩარჩოებიდან და უარს აცხადებს გირაოს შეტანაზე, რომელიც სასამართლოს მიერ აქვს დაკისრებული. ამ დროს, რატომ არ უნდა მოუხსნას პარლამენტმა იმუნიტეტი?“.
ანრი ოხანაშვილი – ქართული ოცნება: „მე დღეს პატივი ვეცი და გავითვალისწინე და დავიცავი საქართველოს კონსტიტუცია და კანონი და, რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე, ჩემთვის ეს გადაწყვეტილება იყო მარტივი, სწორი და ერთადერთი… ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება არა ნიკა მელიას ბრალეულობასთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით მან ის ბრალდება, რასაც პროკურატურა ედავება, ჩაიდინა თუ არა, არამედ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პროკურატურას ეშუამდგომლა სასამართლოს წინაშე, გირაოს ნაცვლად, უფრო მკაცრი აღმკვეთი ღონისძიების – პატიმრობის – გამოყენებასთან დაკავშირებით“.
ოპოზიციის შეფასება
ზაალ უდუმაშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „ქართული ოცნებისგან მეტს არც არაფერს ველოდით. ორი დღეა, გვიანონსებენ, რომ ერთხმად მიიღებდნენ ამ გადაწყვეტილებას და ასეც მოხდა. ასე იქცევა ყოველთვის მორჩილი ხელისუფლების მორჩილი პარლამენტი, რომელსაც უბრალოდ არც კი აძლევენ არჩევნის უფლებას. უთხრეს, რომ უნდა მიაჭიროთ ხელი [ღილაკს] და მათაც ასე ცხვრებივით მიაჭირეს ხელი. ის, რომ პარლამენტმა იმუნიტეტი მოუხსნა ნიკა მელიას, ეს არ ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ ნიკა მელიას დაპატიმრება. წინ გველოდება ერთ [სასამართლო] პროცესი და ვნახოთ, რამდენად ეყოფათ ამის გამბედაობა. არანაირი გადაწყვეტილება არ გვაშინებს, იმიტომ, რომ ჩვენს უკან არის სიმართლე და ხალხი და როდესაც მართალი ხარ, ბრძოლაში ყოველთვის ხარ ძლიერი“.
გიგი უგულავა – ევროპული საქართველო: „სახელმწიფო ინსტიტუტები, თუ როგორ არის გამოხრული ივანიშვილის მიერ, კარგად გამოჩნდება [ამით]. ჩვენ ვნახეთ ერთპარტიული პარლამენტი მანქურთებით დაკომპლექტებული. ტყუილად ცდება იქ [პარლამენტში] ვინმე, თუ ფიქრობს, რომ ის არაფერ შუაშია. არა, მეგობრებო, არავის ესმის თქვენი. ის ორპირობა, ორგულობა და საზიზღრობა, რასაც თქვენ ჩადიხართ, ისე არ იქნება, ყველას მოგეკითხებათ… ამათგან [ქართული ოცნებისგან] ყველანაირი სიგიჟეა მოსალოდნელი. ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდად. [ისინი] გიჟები და რაც მთავარია, სუსტები არიან. ამათ ახლა ყველაზე საშინელი მდგომარეობა აქვთ, სტანჯავთ კომპლექსი, არიქა, ახლა, ბიძინა წავიდა და ჩვენ კაცს ვეღარ ვიჭერთო. აი ამ კომპლექსის გამო მოვიდა ხელისუფლება ამ საგიჟეთამდე“.
ლევან იოსელიანი – მოქალაქეები: „დღევანდელ სხდომაზე ჩვენ ძალიან ნათლად ვუთხარით ქართულ ოცნებას, რომ მას თუ ეს ქვეყანა რამედ მიაჩნია და თუ უნდა, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა არ იყოს ისეთი, როგორიც არის დღეს, თუ უნდათ, რომ რეალურად განიმუხტოს პოლიტიკური კრიზისი, მაშინ ის, რაც დღეს მათ გააკეთეს ამის საპირისპიროა უბრალოდ. აქ მელიაზე არ არის საკითხი. აქ საკითხი არის სხვა რამეზე. როდესაც პროკურატურა მოდის და სრულიად არგუმენტაციის გარეშე ითხოვს იმუნიტეტის მოხსნას, ეს არ უნდა იყოს ატაცებული ქართული ოცნების მიერ. პარლამენტი არ არის პროკურატურის გაგრძელება. პარლამენტი არის ინსტიტუცია, სადაც სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის უნდა იყოს პოლიტიკური ნება გამოვლენილი და უარი უნდა იყოს თქმული ამ ყველაფერზე, იმიტომ, რომ მელია იხდის, არ იხდის, ამაზე კი არ არის საკითხი. აქ საკითხი დგას იმაზე, რომ ეს არის ამ კონკრეტული ადამიანის და ამ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის პოლიტიკური ბრძოლის დღის წესრიგი და მას აქვს უფლება, რომ ასეთი პოლიტიკური ბრძოლის გზა აირჩიოს“.
ასევე წაიკითხეთ:
- ქართული ოცნება ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს დაუჭერს
- პროკურატურამ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის თხოვნით პარლამენტს მიმართა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)