ოპოზიცია მმართველ გუნდს ახალი არჩევნების ჩატარებაზე მოლაპარაკების განახლებისკენ მოუწოდებს
მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიამ პრემიერის პოსტი დატოვა და მიზეზად ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ სასამართლოს მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება დაასახელა, ოპოზიციის ლიდერები ახალი არჩევნების დანიშვნაზე მმართველ გუნდთან მოლაპარაკების განახლების შესაძლებლობაზე ალაპარაკდნენ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ქვეყანას შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან მხოლოდ ახალი, ვადამდელი არჩევნები გამოიყვანს, რომელიც მოაწესრიგებს ყველა სფეროს. მანვე ხაზი გაუსვა, რომ ოპოზიცია მზად არის საკითხის განსახილველად ფასილიტატორ ელჩებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს.
ახალი არჩევნების მოთხოვნაში ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, ევროპული საქართველოს ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე დავით ბაქრაძეც შეუერთდა და თქვა, რომ სწორედ რიგგარეშე არჩევნები, პოლიტიკური დევნისა და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების შეჩერება და საარჩევნო სისტემის ცვლილება არის ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის „ერთადერთი გამოსავალი“.
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ხაზი გაუსვა, რომ გახარიას გადადგომა ოთხთვიანი პოლიტიკური კრიზისის მოგვარების „ახალი ფაზის დასაწყისია“. მმართველ გუნდთან მოლაპარაკებების განახლებისთვის მზაობა მანაც დაადასტურა.
31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით დაწყებული მოლაპარაკებები დეკემბერში მას შემდეგ შეჩერდა, რაც ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა, რომელიც მთელ რიგ სხვა შეზღუდვებთან ერთად, ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტასაც ითვალისწინებს.
მთავარი ოპოზიციური პარტიები ოქტომობრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს დღემდე არ ცნობენ და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ.
ასევე წაიკითხეთ:
- შსს-მ პრემიერის გადადგომის გამო ნიკა მელიას დაკავება გადადო
- გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა
- სასამართლომ ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)