ქართული ოცნება გიორგი გახარიასთან უთანხმოებაზე საუბრობს
პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს გუნდის წევრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გიორგი გახარიას, რომელიც პრემიერის თანამდებობიდან დღეს გადადგა, ნიკა მელიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით გუნდის სხვა წევრებისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა.
ირაკლი კობახიძემ „სამწუხარო“ უწოდა გახარიას გადადგომას და აღნიშნა, რომ გუნდში, მელიას საკითხთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიაზე პრემიერ-მინისტრმა პარტიის წევრებს ვერ შესთავაზა „საკმარისი არგუმენტები, რომლებიც გაამყარებდა მის [გახარიას] პოზიციას“.
კობახიძის თქმით, „სწორედ კანონის სათანადოდ არაღსრულებაა ის, რაც ხელს უწყობს პოლიტიკურ რადიკალიზაციასა და პოლარიზაციას ქვეყანაში“.
„[გახარიასა და მმართველ გუნდს შორის] წყალგამყოფი იყო საკითხი, სახელმწიფომ უნდა აჩვენოს მყარად თავისი სახე, როგორც სახელმწიფომ, თუ არა“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ „ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მყარად და მკაცრად [დაიცვას] სახელმწიფოს ღირსება“.
ქართული ოცნების თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ მმართველი პარტია „მთლიანად ახალი მთავრობის ფორმირებაზე“ კონცენტრირდება და გაამახვილებს ყურადღებას და პარტიის პოლიტიკური საბჭო პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატის დასახელების მიზნით „სავარაუდოდ ხვალ შეიკრიბება“. მისივე თქმით, მთავრობა, კონსტიტუციურად განსაზღვრულ უმოკლეს პერიოდში ჩამოყალიბდება.
კობახიძემ პრემიერ-მინისტრის გადადგომის ფონზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მელიას დაკავების პროცესის დროებით გადადების გადაწყვეტილებაც მოუწონა, პარალელურად კი – ნიკა მელიას მოუწოდა „დაემორჩილოს კანონს“ . „წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას და მის დაპატიმრებას“, – დაამატა მან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან დღეს დილით თანამდებობიდან და ამის მიზეზად ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების თაობაზე თანაგუნდელებთან არსებული უთანხმოება დაასახელა. გახარიას გადაწყვეტილებას წინ მელიასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება უძღვოდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)