ევროკავშირი ხელისუფლებას და ოპოზიციას ესკალაციის თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ, ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას „იმოქმედონ მაქსიმალური თავშეკავებით და პასუხისმგებლობით შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად“.

„აუცილებელია პოლიტიკური გამბედაობა და ნამდვილი დემოკრატიული ხელმძღვანელობა მხარეთა შორის შეთანხმების მისაღწევად და პოლარიზაციის გაზრდის თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ 18 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში და დასძინა, რომ „საჭიროა ფართო პოლიტიკური ერთიანობა საქართველოში დაძაბულობის განმუხტვისა და დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციისთვის, მათ შორის სასამართლო და საარჩევნო ამბიციური და ინკლუზიური რეფორმების საშუალებით“.

ევროკავშირმა აღნიშნა, რომ „პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა მხოლოდ გულწრფელი პოლიტიკური დიალოგის საშუალებით არის შესაძლებელი“.

„პოლიტიკური სტაბილურობა და ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი ასევე კორონავირუსის პანდემიასთან და მის შედეგებთან ეფექტიანი გამკლავების წინაპირობას წარმოადგენს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)