აშშ საქართველოს მთავრობას: „იმოქმედეთ ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებათა შესაბამისად“
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში გამწვავებულ პოლიტიკურ ვითარებას გამოეხმაურა და განაცხადა: „დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას იმოქმედოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებათა შესაბამისად და სასამართლო და პროკურატურის სისტემის პოლიტიკური მიკერძოებისაგან გათავისუფლების გზით გააძლიეროს დემოკრატიის, პიროვნული თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის პრინციპები“.
თბილისის დროით 19 თებერვლის ადრეულ საათებში გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ „ღრმადაა შეშფოთებული“ საქართველოში განვითარებული მოვლენებით. სახელმწიფო დეპარტამენტმა ყველა მხარეს მოუწოდა „მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინოს და თავიდან აირიდოს ისეთი მოქმედებები ან რიტორიკა, რომელთაც შესაძლოა დაძაბულობის ესკალაცია ან ძალადობა გამოიწვიოს“.
„შეერთებული შტატები მხარს უჭერს დემოკრატიულ, უსაფრთხო და აყვავებულ საქართველოს. გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოსთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების გასაუმჯობესებლად“, ხაზგასმულია განცხადებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას 17 თებერვალს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რასაც 18 თებერვალს გიორგი გახარიას პრემიერის თანამდებობიდან გადადგომა მოჰყვა, რამაც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა. ოპოზიციის ლიდერები და მელიას მხარდამჭერები ამბობენ, რომ სამართალდამცველებს მისი დაკავების შესაძლებლობას არ მისცემენ და ფიზიკურად დაიცავენ. ნიკა მელიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ გიორგი გახარიამ გადადგომით ნაციონალური მოძრაობის ოფისის დარბევა და „სისხლისღვრა“ აიცილა თავიდან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)