სასამართლომ პროკურატურას „ბირჟა მაფიას“ რეპერისთვის 36 815 ლარის გადახდა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით 2017 წელს დაკავებული და მოგვიანებით გირაოთი გათავისუფლებული მუსიკალური ჯგუფის – „ბირჟა მაფიას“ ერთ-ერთი წევრის, გიორგი ქებურიასთვის მატერიალურ-მორალური ზიანის ასანაზღაურებლად გენერალურ პროკურატურას ჯამში 36 815 ლარის გადახდა დააკისრა.

ქებურიამ პროკურატურის წინააღმდეგ სასამართლოს 2018 წლის აგვისტოში მიმართა. იგი უკანონოდ სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა. სასამართლოში მომღერლის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI) იცავდა.

სამართალდამცველებმა დუეტ „ბირჟა მაფიას“ წევრები – გიორგი ქებურია (Kay G) და მიხეილ მგალობლიშვილი (Young Mic) პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 2017 წლის 9 ივნისს დააკავეს, რასაც საზოგადოების ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. საქალაქო სასამართლომ მათ თავდაპირველად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, სააპელაციო სასამართლომ კი ორივე რეპერი მალევე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 2017 წლის დეკემბერში პროკურატურამ მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა საერთოდ შეწყვიტა.

დაკავებულები ბრალს თავიდანვე არ აღიარებდნენ და ამბობდნენ, რომ სამართალდამცველებმა ნარკოტიკი იმ სიმღერის ვიდეო კლიპის გამო ჩაუდეს, რომელშიც მათ პოლიცია გააშარჟეს. რეპერებმა მაშინ ასევე თქვეს, რომ ბრალის ასაღიარებლად პოლიციის ზეწოლის მსხვერპლნიც გახდნენ.

„ბირჟა მაფიას“ სამწუთიანი სიმღერა, სადაც პოლიციელი ძაღლის სახით იყო ნაჩვენები, პირველად 2017 წლის მარტში გავრცელდა, თუმცა YouTube-ის არხიდან, სავარაუდოდ, პოლიციის მოთხოვნით, მალევე აიღეს. მოგვიანებით, YouTube-ზე კლიპის ახალი ვერსია დაიდო, სადაც პოლიციელის პერსონაჟი უკვე დაბლარულია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)