ოპოზიცია ხელისუფლებას მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს, ლიეტუველი დეპუტატი სანქციებზე საუბრობს
საქართველოს ლიდერები "თავს იჩვენებენ, თითქოს კანონის უზენაესობას იცავენ", განაცხადა ლიეტუვის სეიმას საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ
ოპოზიციურმა პარტიებმა 21 თებერვალს ლიეტუვის სეიმას საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ჟიგიმანტას პავილიონისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ 25 თებერვალს დაგეგმილ აქციებს გადადებენ. მათი თქმით, ამ კომპრომისული გადაწყვეტილებით, ქართულ ოცნებას შესაძლებლობას აძლევენ, ელჩების შუამავლობით დაწყებულ მოლაპარაკებებს დაუბრუნდნენ.
თუმცა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოს, ლელოსა და სხვა პარტიების ლიდერებმა დასძინეს, რომ მათი მოთხოვნები – საარჩევნო რეფორმა, ვადამდელი არჩევნები და „პოლიტიკურად მოტივირებული“ გამოძიებების შეწყვეტა – უცვლელი რჩება. ამ მოთხოვნების უმეტესობის დაკმაყოფილებაზე მმართველმა პარტიამ ოპოზიციას უარი უკვე რამდენჯერმე უთხრა.
ლიეტუველი კანონმდებელი ხელისუფლებას სანქციებზე აფრთხილებს
პრესკონფერენციაზე ლიეტუველმა კანონმდებელმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა, რომ თუ ოპოზიციის ლიდერის დაკავებას საერთაშორისო „რეაგირება მოჰყვება“. „შესაძლოა სანქციების საკითხამდეც მივიდეთ“, თქვა მან.
ლიეტუველი დეპუტატი საქართველოში 20 თებერვალს ჩამოვიდა და ორი დღის განმავლობაში ქართული ოცნების დეპუტატებს, ოპოზიციის ლიდერებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და დიპლომატიურ მისიებს შეხვდა.
ქვეყნის ლიდერები „თავს აჩვენებენ, თითქოს კანონის უზენაესობას იცავენ, თუმცა რეალურად, მათ შეარყიეს დემოკრატიის საძირკველი საქართველოში“, დასძინა პავილიონისმა.
„მე მართლა მქონდა იმედი, მთავრობა ნათლად იტყოდა, რომ ოპოზიციისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას წინააღმდეგ წაყენებულ ყველა ბრალს მოუხსნიდნენ. დღეს ეს არ მოხდა, თუმცა მართლა ვიმედოვნებ, რომ ეს ხვალ მოხდება, რადგან, თუ ხვალინდელი დღე არ დადგება, ისინი ამის საფასურს გადაიხდიან“, თქვა ლიეტუველმა დეპუტატმა.
„თქვენ ვერასდროს შეხვალთ ევროკავშირსა და ნატოში, თუ გექნებათ ერთპარტიული დემოკრატია. ეს საერთოდ არც არის დემოკრატია“, დასძინა მან და ქართულ ოცნებას მოუწოდა, გამოეხმაუროს დიალოგზე ოპოზიციის „კეთილ ნებას“.
წინა მოვლენები
ლიეტუველი კანონმდებლის ვიზიტი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გამძაფრებას მოჰყვა. 17 თებერვალს სასამართლომ ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რასაც მომდევნო დილით, გადაწყვეტილების აღსრულებაზე მმართველ გუნდთან უთანხმოების გამო პრემიერ გიორგი გახარიას მოულოდნელი გადადგომა მოჰყვა.
ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა ოპოზიციურმა პარტიებმა გახარიას გადადგომიდან მალევე გააჟღერეს მოწოდება მოლაპარაკებების განახლების შესახებ. ამ ფონზე, პრემიერიმინისტრობის კანდიდატად მმართველმა პარტიამ ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გულმხურვალე კრიტიკოსია.
მთავარი ოპოზიციური პარტიები 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს დღემდე არ ცნობენ და პარლამენტში არ შედიან. ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების შუამავლობით დაწყებული მოლაპარაკებები დეკემბერში მას შემდეგ შეჩერდა, რაც ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა, რომელიც მთელ რიგ სხვა შეზღუდვებთან ერთად, ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტასაც ითვალისწინებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)