ევროპელი ლიბერალების პრეზიდენტი „ოცნებას“ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნისკენ დაჟინებით მოუწოდებს
22 თებერვალს ახლადარჩეული პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისათვის გაგზავნილ ღია წერილში ჰანს ვან ბაალენმა, პან-ევროპული პარტია „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისათვის“ პრეზიდენტმა, „ქართულ ოცნებას“ დაჟინებით მოუწოდა განაახლოს ოპოზიციასთან მოლაპარაკებები და დანიშნოს „თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე“ რიგგარეშე არჩევნები.
ALDE-ს პრეზიდენტის თქმით, პრემიერ გიორგი გახარიას გადადგომამ ნათლად აჩვენა, რომ არჩევნებისშემდგომი კრიზისის პრაქტიკული მოგვარება „ახლა ისე სასწრაფოა, როგორც არასდროს“. მისი თქმით, შემდეგი ნაბიჯები „ჩართულობისა და პოლიტიკური ჩიხის დასრულებისაკენ უნდა გადაიდგას“, და არა – „ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ დამატებითი იურიდიული სადამსჯელო ღონისძიებებისაკენ“.
„მე საქართველოს მხარდამჭერი ვარ. გარწმუნებთ, ჩვენს კონტინენტს ძლიერი, უფრო დემოკრატიული საქართველო სჭირდება. საქართველო, სადაც უსმენენ განსხვავებულ ხმებს, სადაც პოლიტიკურ განსხვავებებს პარლამენტში აგვარებენ და არა ოპოზიციონერი ფიგურების თვითნებური დაკავების შემდგომ სასამართლოს გავლით“.
„ახლა დეესკალაციისა და დიალოგის დროა და არა – ურთიერთბრალდებების“, დასძინა ALDE-ს პრეზიდენტმა.
ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრად პარლამენტმა 22 თებერვალს მას შემდეგ დაამტკიცა, რაც 18 თებერვალს წინა პრემიერმა გიორგი გახარიამ თანაგუნდელებთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის წინასწარი პატიმრობის თაობაზე არსებული უთანხმოების შემდეგ თანამდებობა დატოვა. პარლამენტში პროგრამის წარდგენისას ღარიბაშვილმა ოპოზიციასთან რიგგარეშე არჩევნებზე მოლაპარაკებების გამართვა კატეგორიულად „გამორიცხა“. მან მელიას, რომელიც ამ პროცესს „პოლიტიკურ ანგარიშსწორებად“ აფასებს, „კრიმინალი“ უწოდა და თქვა, რომ იგი მართლმსაჯულებას ვერ გაექცევა.
ასევე წაიკითხეთ:
- პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის კაბინეტს ნდობა გამოუცხადა
- ღარიბაშვილი: ლიეტუველი დეპუტატის განცხადებები ქართული ოცნებისთვის „არაფერს ნიშნავს“
- ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო გეგმა წარადგინა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)