არასამთავრობო ორგანიზაციები ნიკა მელიას დაკავებას გმობენ

ოცდაორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 23 თებერვალს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება დაგმო. მელია დღეს დილით ნაციონალური მოძრაობის ოფისთან ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ მთავრობის ეს გადაწყვეტილება „კიდევ უფრო გაამწვავებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს“ მაშინ, როდესაც „საქართველოს ხელისუფლებას არსებული ვითარების განმუხტვა სამართლებრივი და არაძალადობრივი მეთოდებითაც შეეძლო“.

„სამწუხაროა, რომ ხელისუფლება არ დაელოდა სააპელაციო სასამართლოში მელიას საჩივრის განხილვას და არ აჩვენა მძიმე ვითარების განმუხტვის და პოლიტიკური პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვის ნება“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

„ცხადია, რომ პროცესების მომავალ გამწვავებაზე სრული პასუხისმგებლობა სწორედ მმართველ ძალას ეკისრება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლება ცალსახად ესკალაციის გზას ადგას, რთულია მისგან ადექვატური გადაწყვეტილების მოლოდინი“, – განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

აღნიშნეს რა, რომ ნიკა მელიას დაკავება საქართველოს ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის აგრესიული რიტორიკის გაგრძელებაა, ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ „მნიშვნელოვნად დააზიანა ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია“ და, შესაძლოა, ქვეყნისთვის „გამოუსწორებელი ზიანის მომტანი იყოს“.

ღარიბაშვილი: ლიეტუველი დეპუტატის განცხადებები ქართული ოცნებისთვის „არაფერს ნიშნავს“

არასამთავრობოებმა ხაზი გაუსვეს შემდგომი პოლარიზაციის და სამოქალაქო დაპირისპირების აღკვეთის მნიშვნელობას და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდეს.

„დღეს როგორც არასდროს, საქართველოს სჭირდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა, ვინაიდან, სიტუაციის უფრო მეტად ესკალაციის შემთხვევაში, ქვეყანამ შესაძლოა დამოუკიდებლობის პერიოდში მოპოვებული ყველა მიღწევა დაკარგოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)