ნიკა მელიას დაკავებას პოლიტიკოსები აფასებენ
სამართალდამცველებმა დღეს დილით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ნიკა მელია დააკავეს. სპეცოპერაციას მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების განსხვავებული შეფასებები და პროცესების რადიკალიზაციაში ურთიერთბრალდებები მოჰყვა.
მმართველი გუნდის ლიდერებმა სამართალდამცველი უწყების მხრიდან სასამართლოს მიერ მიღებული კანონიერი გადაწყვეტილების „უმაღლესი სტანდარტით“ აღსრულებაზე გაამახვილეს ყურადღება და ოპოზიცია „დესტრუქციულ“ ქმედებებში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს. ოპოზიციაში კი – ქართული ოცნების ხელისუფლება ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ოფისზე შტურმის მიტანის გამო გააკრიტიკეს და მმართველი გუნდი პუტინის მთავრობასთან გააიგივეს.
„სამოქალაქო საქართველო“ მელიას დაკავებაზე ქართული ოცნებისა და ოპოზიციის ლიდერების განსხვავებულ შეფასებებს გთავაზობთ.
მმართველი გუნდის გამოხმაურება
ირაკლი ღარიბაშვილი – პრემიერ-მინისტრი: „დღეს ჩვენ გავხდით მომსწრენი იმისა, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი, ძლიერ სახელმწიფო. ჩვენ გვყავს ძლიერი პოლიცია, გვყავს ძალიან ეფექტიანი შინაგან საქმეთა მინისტრი. მე მინდა საჯაროდ ბატონ გომელაურს და მთელ პოლიციას გადავუხადო გულწრფელი მადლობა იმისთვის, რომ მათ დაიცვეს ჩვენი სახელმწიფოს ღირსება, ჩვენი სახელმწიფოს სტაბილურობა. ნიკა მელია არის კრიმინალი, სხვა საქმეზე მას აქვს მისჯილი და სასამართლომ დაადგინა, რომ იგი არის კრიმინალი. ბატონი მელია გასამართლებული იყო ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე. ეს მეორე საქმე, რომელზეც დღეს დილით პოლიციამ მაღალ პროფესიონალურ დონეზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავა იგი, უკავშირდება სწორედ [პარლამენტის] შტურმის ორგანიზებას, რომელიც მან და მისმა თანაორგანიზატორებმა დაგეგმეს და ჩვენი სახელმწიფოს ძლიერების გამოცდა გადაწყვიტეს. ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს, ყველა მოქალაქე განურჩევლად მისი მდგომარეობისა პოლიტიკური კუთვნილებისა თუ გემოვნებისა, არის და იქნება ვალდებული, რომ დაემორჩილოს კანონის აღსრულებას. ჩვენ ყველა მოქალაქის აზრის გამოხატვის უფლებას დავიცავთ, თუმცა იმ დათქმით, რომ უნდა იყოს კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში“.
არჩილ თალაკვაძე – პარლამენტის თავმჯდომარე: „როდესაც თავს აცხადებ კანონგარეშედ, როდესაც ამბობ, რომ ქვეყნის სამართლებრივ წესრიგზე და საკონსტიტუციო ინსტიტუტებზე ძალადობრივი თავდასხმა არის ნორმალური და ამას ასაღებ გამოხატვის თავისუფლებად, ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში პასუხი არის ის, რაც მოხდა ამ შემთხვევაში. ეს არის სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილების აღსრულება. სხელმწიფო კანონის ფარგლებში იყო მაქსიმალურად კომპრომისული და ნიკა მელიას შეთავაზებული ჰქონდა გირაოს გადახდა, სხვა შემთხვევაში მან წინასწარ იცოდა, რომ ემუქრებოდა პატიმრობა. აშკარაა, რომ მან განგებ აირჩია ყველაზე პროვოკაციული გზა. დღეს დავინახეთ, რომ სამართალდამცველმა სტრუქტურებმა ძალის გადამეტების გარეშე შეასრულეს თავისი მოვალეობა. ნიკა მელია წარსდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე და იქ ექნება საშუალება უკვე, რომ საკუთარი არგუმენტები წარადგინოს. მომხდარზე და იმ ესკალაციაზე, რომელიც დღემდე არსებობდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ ნიკა მელიას თანაგუნდელებს რადიკალური ოპოზიციიდან. მე როგორც პარლამენტის თავმჯდომარე კიდევ ერთხელ მივმართავ ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ არის ჯანსაღი პოლიტიკური ძალა – შემდეგი ნაბიჯი პროცესების დეესკალაციისკენ საპარლამენტო პროცესში მონაწილეობაა“.
კახა კალაძე – თბილისის მერი/ქართული ოცნების გენერალური მდივანი: „საბედნიეროდ, [მელიას] აყვანის ღონისძიების დროს არავინ დაშავებულა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, [რომ] დღევანდელმა დღემ გვაჩვენა, რომ ოკუპაციის 100 წლის თავზეც ჯერ კიდევ არ ვართ შეთანხმებულნი ელემენტარულ სახელმწიფოებრივ პრინციპებზე. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ გვაქვს გაჯერებული კანონის პატივისცემა, რაც ავტომატურად იწვევს ერთმანეთის და სახელმწიფოს უპატივცემულობას. ახლაც და მომავალშიც, დიალოგს და ნორმალურ, ცივილიზებულ ურთიერთობას არ აქვს ალტერნატივა. რადიკალიზმი და რადიკალიზაცია უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში. ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანა, მიზანი არის რაც შეიძლება ძალიან სწრაფად გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია. ეს არის არასწორი, რომ ჩვენ გადავუხვიეთ ამ გზას“.
ოპოზიციის გამოხმაურება
ხატია დეკანოიძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „დღეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა და ნაძირალა ღარიბაშვილმა გადაწყვიტა, რომ საბჭოთა არმიის დაბადების დღეს, საბოლოოდ გადაიქცნენ ბოლშევიკურ რეჟიმად. დღეს მთელმა მსოფლიო ნახა, რომ მთავარი ოპოზიციური ძალის შენობაზე მიტანილი იყო შტურმი იმისთვის, რომ დაეკავებინათ ჩვენი პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია, მაგრამ მე მინდა ყველას პირობა მივცე, რომ ნიკა იქნება თავისუფალი და ჩვენი სამშობლოც იქნება თავისუფალი. ეს იქნება ძალიან მალე. როდიონოვების, გავრილოვების, რუსების, ბოლშევიკების, ოლიგარქების ჩვენ არ გვეშინია. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე“.
დავით ბაქრაძე – ევროპული საქართველო: „ეს ხელისუფლება არ არის საფრთხე ნიკა მელიასთვის, დათო ბაქრაძისთვის, ოპოზიციისთვის, ეს ხელისუფლება საფრთხეა ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის. ეს არ არის ოპოზიციის ბრძოლა, ვისაც უნდა, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ ნორმალურ ქვეყანაში, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, უნდა დავიცვათ ის ღირებულება, რომ საქართველო არ უნდა იყოს ქვეყანა, რომელიც დღეს პუტინის რუსეთთან და ლუკაშენკოს ბელორუსთან ერთად განიხილება. ოპოზიციის ოფისში შევარდნილი ასობით სპეცრაზმელი არის კადრები, რომლებსაც ვხედავთ პუტინის რუსეთიდან და ლუკაშენკოს ბელორუსიდან. ამიტომ, საქართველო არ უნდა იყოს არც პუტინის რუსეთი და არც ლუკაშენკოს ბელარუსი. საქართველო უნდა იყოს ევროპული დემოკრატია და იქნება თუ არა, დამოკიდებულია თითოეულ იმ ადამიანზე, ვინც ახლა ტელეეკრანებთან სხედან“.
მამუკა ხაზარაძე – ლელო საქართველოსთვის: „მე მოვუწოდებ ყველას, ჩვენი ქვეყნის მეგობრებს, უცხოელ დიპლომატებს, სამოქალაქო სექტორს, რომ დღეს როგორც არასდროს, ეს არ არის ემოციური ნათქვამი, ეს თემა ეხება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს, ამ ქვეყანაში იქნება დემოკრატია, თავისუფლება ჩვენი შვილებისთვის, ან ჩვენი ქვეყანა გახდება რუსეთის გუბერნია. კონკრეტული მოთხოვნებია ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს, პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები. არ არის [მხოლოდ] რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალაზე ან მის ლიდერზე საუბარი, აქ არის საუბარი, [იმაზე] როგორ განვითარდება ქვეყანა“.
ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა: „მე მაინც ვერ წარმოვიდგენდი ასეთ სიბეცეს ამ ხელისუფლების მხრიდან, რომ დღევანდელ დღეს, 23 თებერვალს აღნიშნავდნენ ოპოზიციური პარტიის ოფისის შტურმით. ყველას უნდა ესმოდეს ძალიან კარგად, [რომ] ის, რაც დღეს აქ [ნაციონალური მოძრაობის] ოფისში მოხდა, სადაც არ იყო არც იარაღი, არც შეიარაღებული ხალხი, არც დაპირისპირება, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ქვეყანას და ქვეყნის სტაბილურობას და სპეცრაზმი შემოდის ძალის გამოყენებით. ეს არის უბრალოდ დიქტატურის დამყარება. მე ვერ წარმომიდგენია, რომ საქართველოს მოსახლეობა, ივანიშვილი-კობახიძე-ღარიბაშვილის დიქტატურას დაემორჩილოს“.
ასევე წაიკითხეთ:
- არასამთავრობო ორგანიზაციები ნიკა მელიას დაკავებას გმობენ
- აშშ-ის საელჩო: საქართველომ უკან დაიხია დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე
- სამართალდამცველებმა ნიკა მელია დააკავეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)