24 თებერვალი, 1921: მთავარსარდალმა გენერალმა კვინიტაძემ თფილისის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო
წყარო: დამოუკიდებლობის 1028 დღე, თსუ, 2013
დილიდან რუსებმა შეტევები დაიწყეს თბილისის ასაღებად. მტერმა ბრძოლაში ჩართო ტანკები, ჯავშანმანქანები და ჯავშანმატარებლები, არტილერია, ქვეითი და ცხენოსანი ნაწილები.
მოწინააღმდეგეს იერიში მოჰქონდა მთელ ფრონტზე, თუმცა განსაკუთრებული მნიშვნელობა მოწინააღმდეგემ მიანიჭა თბილისის თავდაცვის მარცხენა სექტორს. ამ სექტორის გარღვევას რუსები ეცადნენ როგორც პირდაპირი დარტყმით ასევე, პატარა ლილოს მხრიდან ცხენოსანი ნაწილების შემოვლითი მანევრით. პირდაპირი დარტყმა მოგერიებული იქნა, მათ შორის სატანკო ნაწილების შემოტევა. შემოვლითი მანევრის შედეგად მოწინააღმდეგის ცხენოსნების ერთმა ნაწილმა მიაღწია ავჭალის სადგურს, მაგრამ ქართული ჯავშანმატარებლის ცეცხლმა ცხენოსნები უკან განდევნა. მიუხედავად ამისა გენერალმა კვინიტაძემ ამაში დიდი საფრთხე დაინახა, რადგანაც მისი აზრით მეორე დღეს შემოვლითი მანევრით უკვე მთელი ცხენოსანი დივიზია გავიდოდა ქართული არმიის ზურგში და ალყაში მოაქცევდა ქართულ არმიას.
გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა კოჯორ-ტაბახმელას სტრატეგიული სიმაღლეებისათვის მთელი დღის განმავლობაში, სადაც შეტევას-კონტრშეტევა ცვლიდა. ამ ბრძოლებში სხვებთან ერთად განსაკუთრებით თავი ისახელეს იუნკრებმა. დღის ბოლოს რუსული მონაცემების მიხედვით ერთი სტრატეგიული სიმაღლე მათ ხელში იყო, თუმცა იქ ისინი მყარად ვერ გრძნობდნენ თავს და კონტრშეტევის მოლოდინში იყვნენ. რუსები ასევე შეეცადნენ წყნეთის და დიღომის გზით შემოჭრილიყვნენ თბილისში, მაგრამ ეს ვერ შეძლეს.
დღის ბოლოსათვის გენერალმა კვინიტაძემ მიიღო გადაწყვეტილება თბილისის დატოვების შესახებ. მთავარსარდალმა ეს გადაწყვეტილება მიიღო ალყაში მოქცევის საფრთხის შედეგად, რაც მისი აზრით გარდაუვალი იყო, რადგანაც მას არ ჰყავდა რეზერვები ფრონტზე არსებული სიცარიელეების შესავსებად. მან საჭიროდ მიიჩნია ჯარის ნაწილების გადარჩენა, მცხეთის ხაზზე გამაგრება და მოწინააღმდეგის იქ დამარცხება, შემდეგ კი თბილისის დაბრუნება.
კვინიტაძის გადაწყვეტილება გააპროტესტა გენერალმა ოდიშელიძემ, რომლის აზრითაც თბილისის დატოვება გამოიწვევდა ჯარის მორალური სულისკვეთების დაცემას და უეჭველ დამარცხებას.
დაიწყო თბილისის ევაკუაცია, მთავრობა და შეიარაღებული ძალები ტოვებდნენ დედაქალაქს.