ბალტიისპირეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ კრიზისს გამოეხმაურნენ

ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა – ევა-მარია ლიიმეტსმა, ედგარს რინკევიჩსმა და გაბრიელიუს ლანდსბერგისმა 25 თებერვალს „სერიოზული შეშფოთება“ გამოხატეს საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაციის გამო და „ყველა პოლიტიკურ ძალას თავშეკავებისკენ, სიტუაციის დეესკალაციისა და კონსტრუქციული გამოსავლის გამოძებნისკენ მოუწოდეს“.

ერთობლივ განცხადებაში საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხაზი გაუსვეს „კანონის უზენაესობისა და პოლიტიკური დიალოგის კრიტიკულ მნიშვნელობას არსებული კრიზისის მოსაგვარებლად“.

მინისტრებმა შეშფოთება გამოხატეს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების გამო და აღნიშნეს, რომ ეს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შესაძლებლობას საფრთხეს უქმნის.

აღნიშნეს რა, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისკენ, სამმა საგარეო საქმეთა მინისტრმა „ამ ამბიციური საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად პოლიტიკური სტაბილურობის მნიშვნელობას“ გაუსვა ხაზი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)