ევროპისა და აშშ-ის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები საქართველოში არსებულ კრიზისზე
აშშ-ის სენატისა და შვიდი ევროპული ქვეყნის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც ნათქვამია, რომ ნაციონალური მოძრაობის ოფისში პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას დასაკავებლად ჩატარებულმა სპეცოპერაციამ „საქართველოში დემოკრატიისა და თავისუფლების სიმყიფე გამოავლინა“ და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 2020 წლის მარტში მიღწეული შეთანხმება დაარღვია.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „საქართველოს, როგორც ევროპული ოჯახის თავისუფალი წევრის ადგილი ეჭვგარეშეა, თუმცა ძალადობა და თავისუფლებაზე განხორციელებული თავდასხმები მას საფრთხეს უქმნის“. კანონმდებლების თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი „დესტაბლიზაცია და ანტიდემოკრატიული ქმედებები“ თავშეკავების გამოჩენაზე საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობას უსვამს ხაზს.
ერთობლივი განცხადება მოუწოდებს მხარეებს, რომ ეცადონ და ერთად გამონახონ ქვეყანაში არსებული პრობლემების „პოლიტიკური გამოსავალი“ და არ მიმართონ იმგვარ პრაქტიკას, რომელიც ქართველი ხალხისთვის საზიანო იქნება.
ლიეტუვის სეიმას საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა, რომ „ეს სოლიდარობის განცხადება“ იმის დასტურია, რომ „ჩვენ მარტონი არ ვართ საქართველოში ანტიდემოკრატიულ ქმედებებთან გამკლავების საქმეში“.
ასევე წაიკითხეთ:
- სამართალდამცველებმა ნიკა მელია დააკავეს
- ღარიბაშვილი: ლიეტუველი დეპუტატის განცხადებები ქართული ოცნებისთვის „არაფერს ნიშნავს“
- ოპოზიცია ხელისუფლებას მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს, ლიეტუველი დეპუტატი სანქციებზე საუბრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)