კომუნიკაციების კომისია და დეპუტატი ფრიდონ ინჯია ერთმანეთს კანონდარღვევაში ადანაშაულებენ
კომუნიკაციების კომისიამ დეპუტატი ფრიდონ ინჯია საპარლამენტო ტრიბუნის საკუთარი ბიზნესინტერესების სასარგებლოდ გამოყენებასა და კანონის დარღვევით ბიზნესკომპანიაში მმართველობითი თანამდებობის დაკავებაში დაადანაშაულა.
ბრალდებები მას შემდეგ გაჟღერდა, რაც 17 თებერვალს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, პარტია ევროპელი სოციალისტების დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, რომ პარლამენტმა უნდა შეისწავლოს კომუნიკაციების კომისიის მუშაობა. მისი თქმით, მარეგულირებლის მიმართ გარკვეული კითხვები არსებობს. დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ ამ დარღვევების მასშტაბმა, შესაძლოა, სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროებაც წარმოშვას.
23 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში, კომუნიკაციების კომისიამ ფრიდონ ინჯია საპარლამენტო ტრიბუნის საკუთარი ბიზნესინტერესებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მას აქვს პირდაპირი ინტერესთა კონფლიქტი, ვინაიდან ინჯია და მისი ახლო ნათესავები „ფლობენ წილს და უკავიათ მმართველობითი თანამდებობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ რამდენიმე იურიდიულ კომპანიაში, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს კომუნიკაციების კომისიის რეგულირებად სუბიექტებს“.
კომუნიკაციების კომისიამ განაცხადა, რომ ფრიდონ ინჯია შპს „სისტემ ნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრია, რაც „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირდაპირი დარღვევაა, რომლის თანახმადაც „საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, იყოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, საკონტროლო, სამეთვალყურეო და სარევიზიო ორგანოების წევრი“.
კომისიამ ხაზი გაუსვა, რომ დეპუტატმა „შეცდომაში შემყვანი განცხადებებით“ პარლამენტის ეთიკის კოდექსი დაარღვია, რაც კომუნიკაციების კომისიის კონსტიტუციით გარანტირებული დამოუკიდებლობის „ხელყოფის მცდელობად“ შეაფასა.
კომუნიკაციების კომისიის საპასუხოდ, ინჯიამ მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს „აბსურდული“ უწოდა და განაცხადა, რომ მან ყველა თანამდებობა კანონის შესაბამისად დატოვა. მისივე თქმით, კომისიის დარღვევები სახელმწიფო ბიუჯეტს 6 მილიონი ლარი უჯდება.
25 თებერვალს კომისიამ ინჯიას მიერ კერძო კომპანიაში დაკავებული თანამდებობის შესახებ კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერი ცხადყოფს, რომ ის საკუთარი კანონდარღვევის დაფარვას შეეცადა, ვინაიდან პოსტი 24 თებერვალს, კომისიის მიერ პირველი განცხადების გაკეთების შემდეგ დატოვა.
საჯარო რეესტრის ინფორმაციით, ფრიდონ ინჯიამ „სისტემ ნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოში დაკავებული თანამდებობა 24 თებერვალს დატოვა, ნაცვლად საპარლამენტო მანდატის მოპოვებიდან გათვალისწინებული 10 დღიანი ვადისა. კომისიაში აცხადებენ, რომ ინჯიას „ახლო ნათესავებს“, თანამდებობები კვლავ უკავიათ, რაც „კანონის დარღვევაა“.
ფრიდონ ინჯია პარლამენტში 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შევიდა, მიუხედავად მისი უკვე ყოფილი პარტიის – პატრიოტთა ალიანსის ბოიკოტისა. მოგვიანებით, მან პარტია დატოვა და ამავე პარტიის სამ ყოფილ წევრთან ერთად ახალი პარტია – ევროპელი სოციალისტები ჩამოაყალიბა. ოთხივე მათგანი პატრიოტთა ალიანსის ე.წ. ბიზნესშტოს წარმოადგენდა. მანამდე, 2002-2004 წლებში, ინჯია ლეიბორისტული პარტიის დეპუტატი იყო. უფრო ადრე, 1995-1998 წლებში, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დროს, მას კავშირგაბმულობის მინისტრის თანამდებობა ეკავა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)