რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას? ექსპერტები კრიზისიდან გამოსვლის ძიებაში

2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი კრიზისი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში სპეცოპერაციამ და პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას, დაკავებამ კიდევ უფრო გააღრმავა. მელიას დაკავება გაზრდილი გირაოს გადაუხდელობას მოჰყვა, რასაც წინ უძღოდა    „გაყალბებული არჩევნების“ საწინააღმდეგო აქციაზე მონიტორინგის სამაჯურის საჯაროდ მოხსნა-გადაგდება. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს 2019 წლის ივნისის ანტი-საოკუპაციო აქციებისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზება-ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა ედება ბრალად.

კრიზისი დაამძიმა პარტიასთან მელიას დაკავებისთვის ძალის გამოყენების თაობაზე უთახნმოების გამო პრემიერ-მინისტრ გახარიას გადადგომამაც. მოლოდინი, რომ გახარიას წასვლა კომპრომისის შესაძლებლობას შექმნიდა, მალევე გაცამტვერდა. „ქართულმა ოცნებამ“ გახარია ირაკლი ღარიბაშვილით ჩაანაცვლა, რომელიც წინა პრემიერობის ვადის დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ხისტი მიდგომით გამოირჩეოდა. საპარლამენტო მოსმენაზე ღარიბაშვილმა „წესრიგის აღდგენის“ პირობა დადო და მელიას „კრიმინალი“, ხოლო „ენმ“-ს „დესტრუქციული ძალა“ უწოდა.

საერთაშორისო წნეხის კვალდაკვალ, მმართველმა გუნდმა ხისტი რიტორიკა ნაწილობრივ შეარბილა რიტორიკა, თუმცა დაპირისპირებულ მხარეთა პოზიციები შეუთავსებელი ჩანს: ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს და მელიას და სხვა ე.წ. პოლიტიკურ პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს, რასაც  „ქართული ოცნება“ კატეგორიულად არ ეთანხმება.

„სამოქალაქო საქართველომ“ ქართველ და უცხოელ ექსპერტებს ჰკითხა, თუ საით მიჰყავს, მათი აზრით, ამ კრიზისს საქართველო და რა შეიძლება იყოს გამოსავალი. ჩვენ მათ ასევე ვკითხეთ, თუ როგორ აისახება არსებული ვითარება საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე.

კორნელი კაკაჩია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი

„პირველ რიგში ალბათ საჭიროა, რომ ორივე მხარე დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და იყოს გულახდილი დიალოგი და არა მოჩვენებითი, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო თვეების განმავლობაში. ორივე მხარე უნდა იყოს რაღაც კონსენსუსისთვის მზად, რისი ნიშნებიც, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ ჩანს არც ხელისუფლებიდან და არც ოპოზიციიდან.

იმისთვის, რომ რაღაც შედეგი გაჩნდეს, საჭიროა, რომ რაღაც ორივე მხარემ დათმოს. რაც შეეხება კონკრეტულ ნაბიჯებს, თუკი პოლიტიკური ნება იქნება ორივე მხრიდან, რა თქმა უნდა, საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს დაუჭერს ამ პროცესს და დაუთმობს პლატფორმას, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობა ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას ქართველი პოლიტიკოსების ნაცვლად. აქ კი საჭირო არის გაბედული ნაბიჯები ორივე მხრიდან, რათა განიმუხტოს ეს სიტუაცია.

ერთი ვარიანტია, რომ, თუკი ორივე მხარე მზად არის კომპრომისისთვის, ჩამოყალიბდეს კოალიციური მთავრობა ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთობლივი ძალებით და რამდენიმე მინისტრის პორტფელი დაეთმოს ოპოზიციას.

ასევე, ვთქვათ, მათ გადაეცეთ სამართალდამცავ ორგანოებში ერთ-ერთი პოსტი, აირჩეს ცესკოს ახალი ხელმძღვანელი, რომელსაც ექნება ნდობა იმ სამოქალაქო საზოგადოებიდან, რომელსაც ოპოზიცია ენდობა და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები. ამის შემდეგ კომპრომისი იქნება ის, რომ ოპოზიცია შევა პარლამენტში.

მეორე სცენარი საყოველთაოდ ცნობილია, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები. ორივე ვარიანტი, მესმის, რომ რთულია განსახორციელებლად, მაგრამ ეს იმაზე უკეთესი ვარიანტია, ვიდრე კონფრონტაცია და სამოქალაქო დაპირისპირება, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს, თუკი ასეთი კომპრომისული ვარიანტი არ გამოიძებნება“.

უილიამ კორტნი, საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის – RAND Corporation-ის – ასოცირებული უფროსი მკვლევარი

„კრიზისიდან გამოსვლის პირველი ნაბიჯი შეიძლება იყოს მხარეების ორმხრივ დათმობებზე წასვლა. მაგალითად, ხელისუფლებას შეუძლია, ნიკა მელია სამარცხვინო პატიმრობიდან გაათავისუფლოს, ხოლო ოპოზიცია პასუხისმგებლობით მოიქცეს და პარლამენტში მანდატები აიღოს. ასევე შესაძლებელია, სხვა სავარაუდო პოლიტიკურ პატიმართა საქმეები მაღალი რეპუტაციის მქონე მოსამართლეთა სპეციალურ პანელს გადაეცეს. ასეთ ნაბიჯებს დასავლეთი მხარს დაუჭერდა. თუმცა, ამჟამად, პოლიტიკური პარტიები, შესაძლოა, ზედმეტად ვერ თანხმდებოდნენ საიმისოდ, რომ საერთო დათმობებზე წავიდნენ. თუკი ასეა, შესაძლოა, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას მოუწიოს ჩიხში შესული პოლიტიკური სისტემის გამოხსნა.

ერთ-ერთი გზა იქნებოდა დამოუკიდებელი, პატივსაცემი პირებისაგან შემდგარი „ბრძენ პირთა ჯგუფის“ შეკრება, რომელიც განიხილავდა კრიზისის გამომწვევ საკითხებს და შეიმუშავებდა რეკომენდაციებს კრიზისის დასრულებისა და საქართველოს პოლიტიკური მომავლის გასაძლიერებლად.

ამ ჯგუფის წევრები უნდა იყვნენ მოქალაქეები, იქნება ეს არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, კერძო ბიზნესიდან, სოფლის მეურნეობის სფეროდან, ტექნოლოგიების სფეროდან, მედიიდან, ანალიტიკური ცენტრებიდან და უნივერსიტეტებიდან, ჯანდაცვის სექტორიდან თუ საქველმოქმედო და რელიგიური ინსტიტუტებიდან.

ზოგ მათგანს, შესაძლოა, ჰქონდეს სახელისუფლებო ან სამხედრო კარიერის გამოცდილება, სხვები სამოქალაქო ან ბიზნესის სფეროს გამორჩეული ფიგურები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ. ამ ჯგუფის წევრები არ უნდა იყვნენ პოლიტიკური პარტიების აქტივისტები ან რადიკალური პოლიტიკური ხედვების მქონე ადამიანები. ჯგუფი ჩაატარებდა საჯარო სხდომებს, რომლებზედაც საქმეში ჩახედული სხვადასხვა პირი შენიშვნებს წარმოადგენდა. შესაძლებელი იქნებოდა ასევე ამ ჯგუფის ცალკე [დახურულად] შეიკრიბაც საკითხთა გასაანალიზებლად და რეკომენდაციების განსახილველად.

ეს კრიზისი საქართველოს დასავლურ მხარდაჭერას აკარგვინებს და აძლიერებს სკეპტიკოსთა ხედვას, რომ საქართველო არ არის მზად ევროკავშირში ან ნატოში გასაწევრებლად. კრიზისი ასევე ასუსტებს საქართველოს პოზიციას უფრო ძლიერ მეზობლებთან შედარებით.

საქართველოს სიძლიერე მტკიცე სამოქალაქო საზოგადოებაშია და არა პოლიტიკურ სისტემაში, რომელიც ძალიან დიდი ხანი იყო მოწყვლადი ძლიერი პიროვნებების დომინაციისადმი. პოლიტიკური პარტიები უფრო გაძლიერდებოდნენ, თუკი ისინი დაიწყებდნენ არა პიროვნებების, არამედ იდეოლოგიური ინტერესების – მაგალითად, ლიბერალური vs. კონსერვატიული – გარშემო გაერთიანდებოდნენ. რაღაც დროის შემდეგ, ამით მოხერხდებოდა საქართველოს დემოკრატიის გაძლიერება და პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევა“.

ეკა გიგაური, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი

„სასწრაფოდ გვჭირდება ტემპერატურის დაწევა, რათა დიალოგი განახლდეს. სწორედ ამიტომ, [პირველი] ნაბიჯი უნდა იყოს იმ გამოძიებების დასრულება, რომლებიც აღიქმება პოლიტიკურად მოტივირებულად და იმ პირთა გათავისუფლება, რომლებიც ფართოდ [საზოგადოებაში] მიიჩნევა პოლიტიკურ პატიმრებად. რა თქმა უნდა, აქ იგულისხმება ნიკა მელია და გიორგი რურუა. მე მწამს, რომ ეს გზას გაუხსნიდა მოლაპარაკებების განახლებას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების აქტიური მედიაციით – და ჩვენ ძალიან მადლიერნი ვართ მათი მნიშვნელოვანი როლის.

რაც შეეხება თავად დიალოგს, მე მექნებოდა მხარეებს შორის კრიზისიდან გამოსვლის ინსტიტუციურ გზებზე შეთანხმების მოლოდინი, ისეთი ცვლილებების გზით, რომლებიც გამორიცხავდა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას და სახელმწიფოს მიტაცებას.

მაგრამ ეს არ არის საკმარისი – შემდგომი და მდგრადი დეესკალაციისთვის მხარეებმა და, განსაკუთრებით, მმართველმა გუნდმა უნდა აიღონ ვალდებულება, მომავალში თავი შეიკავონ როგორც პოლარიზაციის მომტანი და აგრესიული რიტორიკისგან, ასევე მსგავსი ქმედებებისგან“.

ლინკოლნ მიტჩელი, პოლიტიკის ამკვლევარი

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის გასააზრებლად აუცილებელია გავიგოთ ორი სხვადასხვა რამ. პირველ რიგში, „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან მცირედი გააკეთა 2012 წლის დემოკრატიული გარღვევის კონსოლიდაციისთვის. ისინი უკვე 8 წელზე ცოტა მეტია ხელისუფლებაში არიან და ამ პერიოდში დემოკრატიის განვითარებისათვის მათი ძალისხმევა აუცილებელთან ახლოსაც კი არ მოდის. ამის მტკიცებულებაა უკანასკნელი არჩევნები, რომელიც [საერთაშორისო მისიების მიერ] აღიქმება როგორც პრობლემური, მაგრამ მნიშვნელოვანწილად ლეგიტიმური. ამის გარდა, „ოცნების“ ხისტის პოლიტიკის მიმდევრებმა არსებულ ვითარებაში არასწორად იმოქმედეს, ვგულისხმობ ნიკა მელიას დაპატიმრებას, რითაც დაძაბულობა არათუ ჩააცხრეს, არამედ გაზარდეს იგი.

მეორე, რაც უნდა გავიაზროთ, ისაა, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2012 წლიდან მოყოლებული ყველა არჩევნები წააგო და [ეს ძალა] საქართველოში ფუნდამენტურად არაპოპულარული რჩება.

„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის სანახევროდ ავტორიტარული ბუნება და გარკვეული თვალსაზრისით დანაშაულებრიობა აშშ-ში საკმარისად ვერ გაიგეს. რაც დრო გავიდა, „ენმ“ სულ უფრო ნაკლებად ერთგულია ძალაუფლების მოპოვების დემოკრატიული საშუალებებისადმი და მიმართავს ქუჩებს, რევოლუციურ საუბრებს ან მუქარებს და არაგონივრულ მოთხოვნებს.

ბევრმა დასავლელმა ექსპერტმა ამ პუნქტებიდან მთელი ყურადღება პირველს მიმართა, მაშინ როცა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ მათი გაუგებარი სიმპათიები გრძელდება.

ამას ერთი მხრივ, საქართველოში ვადამდელი არჩევნების შესახებ დისკუსიაც დაგვანახებს. ეს „ენმ“-ის მოთხოვნაა, რომელიც ცდილობს იმ არჩევნების შედეგების გაუქმებას, რომლებიც დამკვირვებელთა უმეტესობამ პრობლემურად, მაგრამ ძირითადად ლეგიტიმურად შეაფასა.

თუმცა „ქართული ოცნებისთვის“ კარგი რჩევა იქნებოდა საარჩევნო და, უფრო ზოგადად, დემოკრატიული რეფორმების დაჩქარება, ახალი არჩევნების დანიშვნა დამარცხებულ და ფართოდ მოძულებული ძალისთვის მეტნაკლებად დემოკრატიული პროცესის ამოყირავების უფლების მიცემა იქნებოდა.

როგორც ამერიკელმა, არ შემიძლია არ დავინახო მსგავსებები „ენმ“-ის პოზიციასა და [ამერიკის] რესპუბლიკური პარტიის ერთგულებას შორის იმ დამარცხებული პრეზიდენტის მიმართ, რომელმაც უარი თქვა არჩევნების შედეგები ეღიარებინა.

არ ვიცი, საით მიდის ეს ყველაფერი. გასული რამდენიმე კვირის მოვლენები ვერ იქნება ცალკეულად გაგებული და ისინი საქართველოში უფრო ხანგრძლივი პოლიტიკური პროცესის ნაწილია. ვიცი, რომ არ არის კარგი საქართველოსთვის ერთი და იმავე ბრძოლების და არჩევნების ქონა, მაგრამ ამის მიღმა წასვლა რთულია. დასავლეთიდან სანქციები და სხვა ზომები შეცდომა იქნებოდა და არასწორი გადაწყვეტა იმ პრობლემის, რომელიც ბევრად უფრო კომპლექსურია.“

ნათელია, რომ ამას საქართველოს ნატო-ს მისწრაფებები სწორი მიმართულებით არ მიჰყავს, მაგრამ ნატო-ში გაწევრიანება მალე მაინც არ მოხდებოდა“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)