28 თებერვალი, 1921: ფრანგული ფლოტის დახმარებით ქართულმა ჯარმა გაგრა წითლებისგან გაათავისუფლა
წყარო: დამოუკიდებლობის 1028 დღე, თსუ, 2013.
ფრანგული ფლოტის დახმარებით ქართულმა ნაწილებმა გაათავისუფლეს გაგრა რუსული ნაწილებისაგან.
გაიმართა დამფუძნებელი კრების სხდომა ქუთაისში. დეპუტატები იმედიანად იყვნენ განწყობილნი. დეპუტატმა და მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე გრიგოლ ლორთქიფანიძემ განაცხადა: „ლიხის მთაგრეხილის ბუნებრივ ზღუდეს დაემატება ჩვენი მხედრობის ცოცხალი გალავანი. აქ მიეცემა მტერს უკანასკნელი მოგერიებითი ბრძოლა, აქედან დაიწყება ჩვენი მხედრობის წინსვლა.“
რევკომმა საქართველოს მთავრობას მიმართა, რომ შეწყვეტილიყო საბრძოლო მოქმედებები.
ოსურმა პარტიზანულმა შენაერთმა გაგლოევის მეთაურობით გადალახა თრუსოს უღელტეხილი და გაემართა კობისაკენ (3149 მეტრი ზღვის დონიდან), ამით ისინი მოექცნენ დარიალში მდგომი ქართული შენაერთის ზურგში.