საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესახებ ანგარიშში
ევროპული პოლიტიკის კვლევების ცენტრმა 25 თებერვალს ბალკანეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შედარებითი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ბალკანეთის სახელმწიფოების, ასევე ევროკავშირთან ასოცირებული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ქვეყნის – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის კანონმდებლობასთან და ნორმებთან დაახლოების პროცესია შედარებული.
ანგარიში სხვა საკითხებთან ერთად პოლიტიკურ და სამართლებრივ თემებს, ასევე მაკროეკონომიკურ ვითარებასა და სავაჭრო პოლიტიკას მიმოიხილავს და თითოეულ ქვეყანას კონკრეტულ რეიტინგს ანიჭებს.
3 ქულიდან საქართველომ 2 ქულაზე ნაკლები მიიღო და შეფასდა როგორც დაახლოებისთვის ზომიერად მომზადებული ქვეყანა. მან ისეთ ქვეყნებს აჯობა, როგორებიცაა – ალბანეთი, ბოსნია და კოსოვო*. თუმცა, საქართველომ მონტენეგროზე, სერბეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაზე ნაკლები ქულები მიიღო.
პოლიტიკური და სამართლებრივი საკითხები
ანგარიშში საქართველო შეფასებულია როგორც „დისფუნქციური დემოკრატია“, ვინაიდან ქვეყანა ბოლო ადგილზეა „საარჩევნო დემოკრატიის“ კრიტერიუმში. ასეთი დაბალი რეიტინგის მიზეზად ანალიტიკურმა ორგანიზიციამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება, ასევე 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს სერიოზული დარღვევების შესახებ ბრალდებების არსებობა დაასახელა.
„ოპოზიციური პარტიები ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ, რომელმაც სწორი სტანდარტებით ჩატარების შემთხვევაში, შესაძლოა, სიტუაცია გამოასწოროს“, – ნათქვამია ანგარიშში.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველომ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად კანონის უზენაესობის თვალსაზრისით საუკეთესო ქულა მოიპოვა. ორივე ქვეყანა ევროკავშირის სამ ახალ წევრთან – ხორვატიასთან, ბულგარეთთან და რუმინეთთან საკმაოდ ახლოს დგას რეიტინგში. საქართველომ ასევე საუკეთესო რეიტინგი აჩვენა კორუფციის დაძლევის კუთხით.
მაკროეკონომიკური საქმიანობა, სავაჭრო პოლიტიკა
ანგარიში ნორმად მიიჩნევს, როდესაც მშპ-ის წილი ერთ სულ მოსახლეზე 20 000 აშშ დოლარს უტოლდება. საქართველოში ეს მაჩვენებელი 2019 წელს 15 014 აშშ დოლარი იყო, რაც ზღვარს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
თუმცა, საქართველომ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად მნიშვნელოვანი წარმატება აჩვენა ეკონომიკურ პოლიტიკაში და მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსის თანახმად, ევროკავშირის სამ ახალ წევრსაც კი გაუსწრო.
EBRD-ის ეკონომიკური ტრანზიციის მაჩვენებლებზე დაყრდნობით, რომელიც აჩვენებს, თუ რამდენად მიუახლოვდა ქვეყნის პოლიტიკა თანამედროვე სტანდარტებს, ანგარიში აცხადებს, რომ საქართველო ბალკანეთის ქვეყნების გვერდით მოხვდა, ხოლო უკრაინა და მოლდოვა მას ჩამორჩებიან. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ EBRD-მა საქართველო „კარგი მმართველობისთვის“ მოწინავეთა შორის მოახვედრა.
საქართველომ ასევე გაუსწრო ბალკანეთის ქვეყნებს ვაჭრობის კუთხით გატარებული ზომებით, მათ შორის, ტარიფებითა და კვოტებით, „საქონლისა და მომსახურების კუთხით მისი უკიდურესად ღია სავაჭრო პოლიტიკის, ასევე ეფექტური და არაკორუფციული პოლიტიკის წყალობით“.
ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა საკითხები
ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს „საჰაერო ტრანსპორტის შესახებ ევროკავშირთან მოქმედი შეთანხმება აქვს და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესშია ისეთ სფეროებში, როგორებიცაა – საგზაო ტვირთები, რკინიგზა და საერთაშორისო საზღვაო ტრანსპორტი“.
თუმცა, ანგარიშის თანახმად, საქართველო სერბეთს, მონტენეგროს, ალბანეთსა და უკრაინას ჩამორჩება გარემოს დაცვის კუთხით ევროკავშირის ნორმებისთვის მზაობის თვალსაზრისით. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქვეყანაში „ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით სერიოზული გამოწვევევი არსებობს“.
რაც შეეხება დასაქმების რეფორმას, ანგარიშის თანახმად, „საქართველო ბევრ საკანონმდებლო ცვლილებას ახორციელებს, თუმცა სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების წესები, განსაკუთრებით სამთო-მოპოვებით სფეროში, კვლავაც სუსტ წერტილად რჩება“.
აღსანიშნავია, რომ განათლების სფეროში ასოცირებული ქვეყნების საშუალო ქულა ბალკანეთის ქვეყნებისას ჩამორჩება, ხოლო საქართველო და კოსოვო* „შესაბამის ჯგუფებში სუსტი შემსრულებლები“ არიან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)