ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალურ პირებს შეხვდა და საოკუპაციო ხაზი მოინახულა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომელიც 28 თებერვლიდან 2 მარტამდე თბილისს სტუმრობს, დღეს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს შეხვდა.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს სჭირდება შიდა სტაბილურობა, შერიგება და დიალოგი იმისათვის, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ყველა დივიდენდი მიიღოს. მისი თქმით, ამაზე პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურმა მხარემ უნდა აიღოს.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, შეხვედრაზე მათ ისაუბრეს, რომ ევროკავშირს მეტი სტაბილურობა, დემოკრატია და ეკონომიკური განვითარება სჭირდება საქართველოს მხრიდან გამომდინარე იქიდან, რომ რეგიონში ვითარება შეიცვალა. „საჭიროა, რომ საქართველო, როგორც სტაბილურობისა და დემოკრატიის კუნძული კიდევ უფრო გაძლიერდეს და გამყარდეს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გაღრმავების ფონზე ხორციელდება, რაც ევროკავშირის „დიდ შეშფოთებას“ იწვევს. „ევროკავშირი მოუწოდებს მხარეებს, გააძლიერონ ძალისხმევა, რათა სიტუაციის დეესკალაცია მოახდინონ და საერთო ენა გამონახონ“, – განაცხადა მან.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, იმ რეგიონში, რომელიც, ვიცით, რომ რთულია“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა. თავის მხრივ, ევროკავშირი მოელის, რომ საქართველო განაგრძობს რეფორმებს, მათ შორის, სასამართლოს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით.
პრეზიდენტ ზურაბიშვილის შემდეგ, შარლ მიშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები განიხილეს და კონსტრუქციული დიალოგის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
„ვიზიტი მკაფიო დასტურია იმისა, რომ ჩვენი რეგიონი ევროკავშირისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. განვიხილეთ რიგი საკითხები, მათ შორის, ოკუპაცია და გლობალური პანდემია“, – დაწერა ღარიბაშვილმა Twitter-ზე შეხვედრის შემდეგ.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესის დარეგულირებასა და ევროკავშირის ჩართულობით პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებასაც შეეხო, რა დროსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ასევე „ევროკავშირის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას“ გაუსვა ხაზი.
საოკუპაციო ხაზის მონახულება
გუშინ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ცხინვალის საოკუპაციო ხაზსაც ეწვია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ევროკავშირის მტკიცე „მხარდაჭერა“ კიდევ ერთხელ გამოხატა.
„ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის არსებობა 2008 წლის ომის შემდგომ კვლავ რჩება მძიმე რეალობად მოქალაქეებისათვის. ეს უნდა შეიცვალოს“, – განაცხადა შარლ მიშელმა.
„საქართველოში ჩემმა ვიზიტმა, სულ მცირე, თვალი ამიხილა“, – აღნიშნა მანვე და დაამატა, რომ „ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის არსებობა სამხრეთ ოსეთში იმის დასტურია, რომ ევროკავშირის ყოფნა ასეთ რეგიონში ზოგჯერ აუცილებელზე მეტია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსგავსი რეგიონებისთვის.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „დაუშვებელია“, როდესაც „მავთულხლართები ჰყოფს ოჯახებს და ბავშვებს სკოლაში სიარულის საშუალებას არ აძლევს“.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, საქართველოში კიშინიოვიდან 28 თებერვალს ჩამოვიდა და 2 მარტს თბილისიდან კიევში გაემგზავრა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში არჩევნების შემდეგ გაღრმავებული კრიზისის ფონზე მას შემდეგ გაიმართა, რაც პოლიციამ 23 თებერვალს ნაციონალური მოძრაობის ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა.
შენიშვნა: სტატია 2 მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ ცხინვალის საოკუპაციო ხაზის მონახულებისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ განახლდა.
ასევე წაიკითხეთ:
- ევროპული საბჭოს პრეზიდენტი თბილისს ესტუმრება
- ევროპარლამენტარები ევროპული საბჭოს პრეზიდენტს საქართველოს თაობაზე მიმართავენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)