აფხაზეთის ოპოზიცია ბჟანიას ყოფილი თანაშემწის თბილისში ვიზიტის წინააღმდეგ აქციას მართავს
ოკუპირებული რეგიონის ლიდერის, ასლან ბჟანიას ყოფილი თანაშემწის, ბენურ კვირაიას თბილისში სავარაუდო ვიზიტის გასაპროტესტებლად სოხუმის ცენტრში აფხაზეთის ოპოზიციის მხარდამჭერები იკრიბებიან.
არჩევნებზე ბჟანიას კონკურენტის, ადგურ არძინბას მიერ ჩამოყალიბებულმა ოპოზიციურმა გაერთიანება „აფხაზეთის სახალხო მოძრაობამ“ დღეს დილით გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ კვირაია, კიდევ ორ პირთან ერთად, ბჟანიას მითითებითა და აფხაზეთის „უშიშროების სამსახურთან“ შეთანხმებით თბილისში 25 თებერვალს ჩავიდა.
ოპოზიციურმა მოძრაობამ დაგმო ვიზიტი და განაცხადა, რომ ბჟანიამ „წითელი ხაზი გადაკვეთა“, როდესაც, მათი თქმით, საკუთარი თანაშემწე თბილისში „პირდაპირ ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებზე“ სალაპარაკოდ გაგზავნა.
ბჟანიას პრესსამსახურმა განაცხადა, რომ კვირაიამ 19 თებერვალს თანამდებობა დატოვა და ის „პრეზიდენტის“ თანაშემწე აღარ არის. ამავე ინფორმაციით, ბჟანიას მისთვის თბილისთან მოლაპარაკებების შესახებ მითითებები არასდროს მიუცია.
აფხაზეთის სახალხო მოძრაობამ ასევე განაცხადა, რომ სოციალურ მედიაში ვიდეო გავრცელდა, სადაც კვირაია თავის ქართველ მეგობართან, დავით კვარაცხელიასთან ერთად სუფრასთან ზის. ოპოზიციური მოძრაობის თქმით, ეს უკანასკნელი 1990-იანი წლების დასაწყისის შეიარაღებული კონფლიქტის დროს „აფხაზი ხალხის წინააღმდეგ იბრძოდა“. ორგანიზაციამ ასევე გააკრიტიკა კვირაია სუფრაზე ქართულ-აფხაზური ძმობისა და საერთო ისტორიაზე საუბრის გამო.
აფხაზეთის სახალხო მოძრაობამ ბჟანიაც გააკრიტიკა იმის გამო, რომ იგი „მუდმივად ცდილობს დანერგოს მოსაზრება, რომ ჩვენი ახალი გზა – ეს არის მრავალდონიანი დიალოგი საქართველოსთან“. ამის მაგალითად მოძრაობას აფხაზეთის „საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია“ მოჰყავს, რომელიც ოკუპირებულმა რეგიონმა 4 დეკემბერს მიიღო და რომელიც თბილისთან დიალოგისა და ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ პუნქტებს შეიცავს.
ოპოზიციურმა გაერთიანებამ ბჟანია „ეროვნული ინტერესების“ დათმობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მას საგარეო პოლიტიკის მიმართულებების განსაზღვრის უფლება აღარ აქვს.
„სამოქალაქო საქართველომ“ კომენტარისთვის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართა, თუმცა ორივესგან უარი მიიღო.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)