სოხუმის ახალი კანონპროექტი გალელებს საშუალებას მისცემს „აფხაზობას დაუბრუნდნენ“
ოკუპირებულმა აფხაზეთმა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მოამზადა, რომელიც „უცხო ქვეყნის მოქალაქეებს“ და მოქალაქეობის არმქონე პირებს საშუალებას მისცემს აფხაზებად ჩაეწერონ. კანონპროექტი, სხვათა შორის, გალის რაიონში მცხოვრებ ქართველებზეა გათვლილი, რომლებიც რაიონის აბსოლუტურ უმრავლესობას შეადგენენ.
აფხაზეთის სამოქალაქო კოდექსში შესაბამისი ცვლილებების ინიციატორმა, რეგიონის „საკანონმდებლო ორგანოს“ სპიკერმა ვალერი კვარჩიამ განაცხადა, რომ ცვლილებები საშუალებას მისცემს გალის ეთნიკურ ქართველებს, აფხაზური გვარები და ეროვნება „დაიბრუნონ“. კვარჩიას მტკიცებით, გალელები ისტორიულად იძულებულნი იყვნენ, ქართველებად ჩაწერილიყვნენ.
კვარჩიას თქმით, ცვლილებების მიღება არსებულ კანონმდებლობაში იმ შეზღუდვას აღმოფხვრის, რომელიც ამჟამად მხოლოდ აფხაზ „მოქალაქეებს“ აძლევს საკუთარი ეთნიკური იდენტობის შეცვლის უფლებას.
გალის რაიონის დაახლოებით 30 000 ეთნიკურ ქართველს 2014 და 2017 წლებში აფხაზური „მოქალაქეობა“ და მასთან ერთად პოლიტიკური უფლებები ჩამოერთვათ. სანაცვლოდ, ოკუპირებულმა რეგიონმა მათ ბინადრობის ნებართვები გადასცა.
2017 წლის ივლისში, გალის რაიონული ადმინისტრაციის მაშინდელმა უფროსმა, თემურ ნადარაიამ განაცხადა, რომ ეთნიკური ქართველები „მოქალაქეობას“ მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებდნენ, თუ ისინი საკუთარ ეთნიკურობას შეიცვლიდნენ და „აფხაზურ ფესვებს“ დაუბრუნდებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ჯემალ გამახარიამ, მაშინ საპასუხოდ განაცხადა, რომ „სამწუხაროდ, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს ყოვლად მიუღებელი ექსპერიმენტების ჩატარებას გალის გეტოში მომწყვდეული ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ“. გამახარიამ გალელი ქართველებისთვის ეთნიკური იდენტობის შეცვლის მცდელობას „ქართველთა დისკრიმინაციის ახალი ფორმა“ უწოდა და აღნიშნა, რომ იმ „ანტიისტორიული თეორიის“ ავტორებმა, რომლის მიხედვითაც, გალის რაიონის მოსახლეობა საბჭოთა დროს ძალით გააქართველეს, „ყველაზე კარგად უწყიან, რომ ისინი ურცხვად ცრუობენ“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)