3 მარტი, 1921 წელი: გენერალი კვინიტაძე ქართულ სამხედრო ნაწილებს კონტრშეტევისათვის ამზადებს
წყარო: დამოუკიდებლობის 1028 დღე, თსუ, 2013.
3 მარტს გენერალმა კვინიტაძემ ხაშურის აღმოსავლეთით მდგომი ქართული ნაწილები გადააჯგუფა და გასცა ბრძანება მეორე დილის 7 საათზე შეტევაზე გადასვლისა.
აფხაზეთის ფრონტზე, ახალი ათონის პოზიციებზე რუსებმა შეტევა დაიწყეს 9:30 წუთზე, შეტევები და კონტრშეტევები ერთმანეთს ცვლიდა, ქართულ ნაწილებს დახმარებას უწევდა ფრანგული საზღვაო ესკადრის საარტილერიო ცეცხლი. თუმცა 16 საათზე რუსებმა შეძლეს ახალი ათონის პოზიციების გარღვევა.
ბათუმის მიმართულების ჯგუფს რუსებმა დაუმატეს 32-ე დივიზიის 96-ე მსროლელი ბრიგადა, ასევე მეცხრე დივიზიის ცხენოსანი პოლკი. ამ შენაერთს სათავეში ჩაუყენეს, რუსეთის სამოქალაქო ომის ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული და ცნობილი კავალერისტი დიმიტრი ჟლობა. ჟლობას ჯგუფს დაევალა, ხაშურთან ქართველების დამარცხების შემდეგ ბორჯომ-ახალციხე-გოდერძის უღელტეხილის გავლით დაეკავებინა ბათუმი.