დავით ზალკალიანი თურქეთს სტუმრობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 3 მარტს ანკარას სტუმრობს, სადაც იგი უკვე შეხვდა თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს და სხვა საკითხებთან ერთად კავკასიის თანამშრომლობის თაობაზე შემოთავაზებული „3+3“ ფორმატი განიხილა, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის, ირანისა და რუსეთის მონაწილეობას ითვალისწინებს.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მართალია, საქართველო მადლიერია თურქეთის ინიციატივის, რომელიც რეგიონში „გრძელვადიან“ მშვიდობას უზრუნველყოფს, მას „მკაფიო“ პოზიცია გააჩნია მოცემულ ფორმატში რუსეთის მონაწილეობასთან დაკავშირებით.

„ჩვენთვის ფორმატებში გაერთიანება გულისხმობს, რომ მასში გაერთიანებული ქვეყნები პატივს სცემენ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, მათ შორის, ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარებით“, – განაცხადა ზალკალიანმა. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს ძნელად წარმოუდგენია რაიმე საერთაშორისო ფორმატში მონაწილეობა რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის განსავითარებლად, სანამ დეოკუპაციისკენ ნაბიჯები არ გადაიდგმება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, სანაცვლოდ, შესთავაზა, რომ თბილისი იქცეს „ერთგვარ პლატფორმად“ აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის, სადაც შესაძლებელი გახდება ეკონომიკის, ბიზნესის, კულტურისა და ხალხთაშორის ურთიერთობების პროექტებზე თანამშრომლობა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ თურქეთი პატივს სცემს და მისთვის გასაგებია „საქართველოს ფრთხილი მიდგომა ამ საკითხზე“. „როდესაც არსებობს რთული გარემოებები, ვგულისხმობ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, [რუსეთთან] ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყება, შესაძლოა, რთული იყოს, თუმცა, ამის გაკეთება უფრო მარტივი იქნებოდა მრავალმხრივ ფორმატში“, – აღნიშნა მან.

მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს, ისევე როგორც აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას.

მინისტრებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაზე, ორმხრივ ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებზე, პანდემიასთან ბრძოლის საქმეში დახმარებაზე, ასევე აზერბაიჯანთან ენერგეტიკულ პროექტებზე, მათ შორის, TANAP-ისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტებზე ისაუბრეს.

დღესვე, დავით ზალკალიანი ვიცე-პრეზიდენტ ფუათ ოქთაის შეხვედება და თურქეთში საქართველოს საელჩოსაც ეწვევა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)