სოციალისტ-ფედერალისტ ლიდერთა ნაწილი საბჭოთა ხელისუფლების დამყარებას მიესალმა

გაზ. კომუნისტი, 1921 წლის 3 მარტი, N2

ადგილობრივი პრესა

საქართველოს სოც- ფედერალისტთა დროებითმა მთავარმა* კომიტეტის ორგანო „სოციალისტ-ფედერალისტი“ მე-3 ნომერში შემდეგ მოწინავეს ათავსებს. მოგვყავს იგი სრულიად.

„მენშევიკების ცდა, რომ საქართველო გაემიჯნა მსოფლიო რევოლუციისაგან დამარცხდა. ქართველ მშრომელ ხალხს სათავეში ჩაუდგა შეურიგებელი მტერი ბურჟუაზიულ-კაპიტალისტური რეჟიმისა. ამ ახალ  ძალას ახასიათებს გარკვეული, პირდაპირი ხაზი და მტკიცე ნებისყოფა, ურყევი რწმენა გამარჯვებისა.  დღემდის არსებული ლოზუნგი „არც აქეთ, არც იქით“, ადგილს უთმობს ახალ მოწოდებას, ახალ ყიჟინას: „წინ, სოციალიზმისაკენ“!  ეს დიადი ლოზუნგი  არ არის უცნობი ჩვენი მშრომელი ხალხისათვის. საქართველო ეხლა არ გაწითლებულა ამა თუ იმ მოსაზრებით; ის ცარიზმის დროსაც წითელი დროშის მატარებელი იყო და ეხლა უფრო მაღლა ასწევს მას, უფრო გაბედულად წავა წინ აღთქმის ქვეყნისკენ.

დიდი საქმე, დიდი მიზანი დიდ მსხვერპლს მოითხოვს. ძველი ქვეყნის დანგრევა და ახლის აშენება ადვილი არავის ეგონოს. ეს ხანგრძლივი პროცესის საქმეა და ვინც ამ პროცესში ჩაერევა, კარგად უნდა ჰქონდეს გათვალისწინებული ყოველივე სიძნელე, ყოველივე შესაძლებლობა. ქართველმა მშრომელმა ხალხმა კარგად უნდა შეიგნოს, რომ ის ებმება მეტად მძიმე საქმეში, რომ მას მოელის ბევრი გასაჭირი და ბევრი განსაცდელი. მაგრამ ის შეგნებულად, უშიშრად უნდა შეუდგეს ახალი ქვეყნის შენებას და სასტიკი ბრძოლა გამოუცხადოს ყველას, ვინც ამაში მას ხელს შეუშლის.

მაშ შორს ყოველგვარი ეჭვები და რყევა! ნუ შეგვაშინებს ნურავითარი გასაჭირი, მხნედ შევუდგეთ ბრძოლას და შრომას“.

აქ თითქმის ყველაფერი გარკვეულათაა ნათქვამი. „სოციალისტ-ფედერალისტი“ ჩვენ გვერდში დგება, ჩვენი პარტიის მძიმე ტვირთის ზიდვაში შრომის განაწილებას გვპირდება, ჩვენ გვგონია, რომ ეს სიტყვები მარტო სიტყვებათ არ დარჩება; ჩვენ გვგონია, რომ „სოციალისტ-ფედერალისტის“ ხელმძღვანელნი ამას საქმეში და საქმით დაამტკიცებენ. ჩვენთვის ეს გასახარი იქნება.

*იგულისხმება შალვა ნუცუბიძისა და თედო ღლონტის მეთაურობით გაერთიანებული მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტური ჯგუფი, რომელიც 1919-1921 წლებში განსაკუთრებით მწვავედ იყვნენ დაპირისპირებული სოციალ-დემოკრატებთან, ხოლო 1921 წლის თებერვლიდან ფაქტობრივად განუდგნენ გიორგი ლასხიშვილისა და სამსონ დადიანის ხელმძღვანელობით მოქმედ სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ძირითად ბირთვს – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა.