Freedom House: საქართველო „ნაწილობრივ თავისუფალ“ ქვეყნად რჩება
Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიშის „თავისუფლება მსოფლიოში“ თანახმად, საქართველოს მაჩვენებელი ერთი ქულით შემცირდა. 100 ქულიანი შკალით საქართველოს 60 ქულა აქვს (23 ქულა პოლიტიკურ უფლებებში, ხოლო 37 ქულა სამოქალაქო თავისუფლებებში), რაც შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით (61 ქულა), მცირედი კლებაა. წინა წლების მსგავსად, საქართველო კვლავ „ნაწილობრივ თავისუფალ“ ქვეყნებს შორის რჩება.
უფლებადამცველი ორგანიზაციის თქმით, საქართველოს „დემოკრატიული განვითარების ტრაექტორიამ გაუმჯობესების ნიშნები 2012-2013 წლებში, ხელისუფლების ცვლილების პერიოდში აჩვენა, თუმცა უკანასკნელ წლებში უკუსვლა შეინიშნება“.
ორგანიზაციამ ხაზი გაუსვა, რომ „ოლიგარქიული გავლენა“ შეინიშნება ქვეყნის პოლიტიკის ფორმირებასა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, ხოლო კანონის უზენაესობა პოლიტიკური ინტერესებით იზღუდება.
პოლიტიკური უფლებები
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას, Freedom House-მა „მნიშვნელოვან ხარვეზებს“ გაუსვა ხაზი და მათ შორის „ამომრჩეველთა დაშინება, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება, ამომრჩეველთა მოსყიდვა, არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობა და ხმების დათვლის დროს გამოვლენილი სავარაუდო შეუსაბამობები“ დაასახელა, რასაც საბოლოოდ ოპოზიციური პარტიების მიერ მეორე ტურებისა და ახალი პარლამენტის ბოიკოტირება მოჰყვა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა „ზოგადად სამართლიანია“, თუმცა მმართველი პარტიის უპირატესობამ საუბნო საარჩევნო კომისიებში „საჩივრებთან დაკავშირებული პროცედურები გაართულა“, ხოლო „საჩივრების წარდგენის მოკლე ვადები არჩევნების ხარისხს აუარესებს“.
ანგარიშის თანახმად, მართალია შედარებით მცირე პარტიებს 2020 წელს შემცირებული ბარიერის გამო პარლამენტში შესვლა გაუადვილდათ, თუმცა „[პარტიების] დაყოფა უზღუდავს მათ შესაძლებლობას, რომ კოალიციები შექმნან და ძალაუფლება მოიპოვონ“.
Freedom House-ის თქმით, საქართველოში „დინამიური მრავალპარტიული სისტემაა“, სადაც ახალ პოლიტიკურ პარტიებს დაბრკოლებების გარეშე შუეძლიათ ჩამოყალიბება და ფუნქციონირება.
თუმცა, 2000-იანი წლებიდან ჩამოყალიბებულმა ერთპარტიული მმართველობის სისტემამ კონკურენტული ჯგუფების განვითარება და სტაბილურობა შეაფერხა.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილი, „რომელსაც არანაირი თანამდებობა არ უკავია, მაგრამ მნიშვნელოვანი გავლენა აქვს გადაწყვეტილების მიღებაზე როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეებზე“, ზღუდავს არჩეული ოფიციალური პირების შესაძლებლობას, რომ „სამთავრობო პოლიტიკა განსაზღვრონ და განახორციელონ“.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ „ქალები და უმცირესობები, ისევე როგორც მათი ინტერესები, კვლავ არასაკმარისად არიან წარმოდგენილნი ხელისუფლების ყველა დონეზე“ მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის ივნისში პარლამენტმა გენდერული კვოტირების მექანიზმი დაამტკიცა.
აღნიშნავს რა, რომ ანტიკორუფციული კანონმდებლობის ეფექტიან გამოყენებას „სამართალდამცველ ორგანოებსა და სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობის ნაკლებობა აფერხებს“, ანგარიში იმავდროულად ხაზს უსვამს, რომ „სულ უფრო იშვიათად გვხვდება წარმატებული საქმეები იმ მაღალი რანგის ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომელთაც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობასთან კარგი დამოკიდებულება აქვთ“.
გარდა ამისა, ორგანიზაცია მმართველ პარტიასთან დაახლოებული ბიზნესმენებისთვის კოვიდ-19-თან დაკავშირებით გაცემულ სახელმწიფო კონტრაქტებზეც ამახვილებს ყურადღებას. მათ შორისაა პრეზიდენტ ზურაბიშვილის კამპანიის შემომწირველი, რომელმაც ჯანდაცვის სამინისტროსთან 1.3 მილიონი აშშ დოლარის კონტრაქტი გააფორმა. ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ „პარტიის კიდევ ერთმა მხარდამჭერმა ივანიშვილის ფონდისთვის ოთხი მილიონი ნიღბის წარმოების კონტრაქტი მოიპოვა“.
სამოქალაქო თავისუფლებები
Freedom House-მა საქართველოს მედიაგარემოს „პლურალისტური, მაგრამ მიკერძოებული“ უწოდა.
ორგანიზაციამ ასევე გაიხსენა 2020 წლის მარტი-ივლისის პერიოდში ტელეკომპანია „აჭარის“ რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლება მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკა გააკრიტიკა.
„პროტესტის შედეგად რამდენიმე თანამშრომელი მაინც აღადგინეს თანამდებობაზე“, – განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ.
ანგარიშში ნათქვამია, რომ მართალია, საქართველოს კონსტიტუციით რელიგიური თავისუფლება გარანტირებულია, „ის განსაკუთრებულ პრივილეგიებს ანიჭებს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას“. დოკუმენტის თანახმად, კორონავირუსთან დაკავშირებით შეკრებაზე დაწესებული შეზღუდვები ეკლესიას არ შეხებია.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ „ქართველები, ზოგადად, გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობენ“, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოხატავენ იმ კანონებთან დაკავშირებით, რომლებიც სახელმწიფო სტრუქტურებს „სათანადო ზედამხედველობის გარეშე თვალთვალისა და მონაცემთა შეგროვების“ უფლებამოსილებას ანიჭებს.
„შეკრების თავისუფლების უფლება ხშირად დაცულია“, – ნათქვამია ანგარიშში, თუმცა „პოლიცია ზოგჯერ დემონსტრაციებს გადაჭარბებული ძალის გამოყენებით პასუხობს“. დოკუმენტში ამის მაგალითად საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ცესკოს შენობის წინ შეკრებილი „მშვიდობიანი მომიტინგეების“ წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენებაა მოყვანილი.
რაც შეეხება კანონის უზენაესობას, ორგანიზაცია აცხადებს, რომ მიუხედავად მიმდინარე სასამართლო რეფორმებისა, „აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების ჩარევა სასამართლოს მუშაობაში“, ასევე „სასამართლო პროცესის გარშემო გამჭვირვალობისა და პროფესიონალიზმის ნაკლებობა“ კვლავ მნიშვნელოვან პრობლემებად რჩება.
„ხელისუფლების რამდენიმე ოპონენტის წინააღმდეგ ბოლო წლებში სისხლის სამართლებრივი დევნა განხორციელდა, რაც შერჩევით ან პოლიტიკურად მოტივირებულ ქმედებად შეფასდა“, – განაცახდა Freedom House-მა.
რაც შეეხება პანდემიის გამო მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს, ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ეს შეზღუდვები, დიდწილად, არსებული საფრთხის პროპორციული იყო.
საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
Freedom House-ის კვლევაში ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი „ტერიტორიების“ კატეგორიაში გადიან. პოლიტიკური უფლებების კატეგორიაში წინა წლის მსგავსად 17 ქულით და სამოქალაქო თავისუფლებების კატეგორიაში 23 ქულით, აფხაზეთს „ნაწილობრივ თავისუფალი“ ტერიტორიის სტატუსი აქვს მინიჭებული. ცხინვალის რეგიონი კი – „არათავისუფალი“ ტერიტორიის კატეგორიაში გადის. მას პოლიტიკური უფლებების კატეგორიაში კვლავ 2 ქულა, სამოქალაქო თავისუფლებების კატეგორიაში კი – კვლავ 8 ქულა აქვს მინიჭებული.
ასევე წაიკითხეთ:
- საქართველო ინტერნეტის თავისუფლების შესახებ Freedom House-ის ანგარიშში
- საქართველო Freedom House-ის ანგარიშში კოვიდ-19-ის შესახებ
- საქართველო Freedom House-ის დეტალურ ანგარიშში
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)