საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე 4 მარტს ამერიკელ კოლეგას, ლოიდ ოსტინს ტელეფონით ესაუბრა და მასთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი, გრძელვადიანი სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საუბრისას, საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების ფონზე აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის „მტკიცე მხარდაჭერის“ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ერთობლივი სამხედრო სწავლებები და ამერიკის მხარდაჭერა რეგიონში ურყევი სტრატეგიული პარტნიორობის დემონსტრირებაა“, – უთხრა ამერიკელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
სატელეფონო საუბრისას, მხარეებმა ყურადღება ასევე გაამახვილეს ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ქართველი და ამერიკელი სამხედროების მონაწილეობაზე. აგრეთვე, იმსჯელეს ერთობლივ პროგრამებზე, მათ შორის, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაზე (GDRP) და საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოს სტანდარტებით განვითარების გრძელვადიანი პრიორიტეტები მიმოიხილეს.
ორი ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელება და თანამშრომლობის არეალის გაფართოების სამომავლო პერსპექტივებიც განიხილეს.
თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ თავდაცვის მდივანმა კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ის მხარდაჭერა „საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე თავდაცვის დეპარტამენტის მზადყოფნა, რომ რუსეთის აგრესიის და საზიანო გავლენის ფონზე, საქართველოს საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში დაეხმაროს“.
ამავე ინფორმაციით, მხარეებმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი, რომელიც, მათი თქმით, საერთო ინტერესებსა და ღირებულებებს ეფუძნება.
ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა თავის ქართველ კოლეგას, ჯუანშერ ბურჭულაძეს მადლობა გადაუხადა იმ წვლილისთვის, რომელიც საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში შეაქვს, ასევე ავღანეთში საქართველოს მიერ გაღებული მსხვერპლისთვის.
„ლიდერები შეთანხმდნენ, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს და მომავალი თანამშრომლობა ბოლო წლებში მიღწეულ წარმატებებს უნდა დაეფუძნოს“, – განაცხადა თავდაცვის დეპარტამენტმა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის მინისტრის პოსტი 22 თებერვალს, მისი წინამორბედის, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად ხელახლა არჩევის შემდეგ დაიკავა. მანამდე იგი თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტზე მსახურობდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)