სატელეფონო ჩანაწერში მესტიის მერი ჟურნალისტს ემუქრება და შეურაცხყოფას აყენებს
ტელეკომპანია „მთავარი არხმა“ 6 მარტს სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გაავრცელა, სადაც ისმის, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი მუნიციპალიტეტის ოფიციალური პირების სავარაუდო კორუფციულ სქემაში ჩართულობის შესახებ ჟურნალისტური გამოძიების გამო ტელეკომპანიის ჟურნალისტს, ემა გოგოხიას, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და ემუქრება.
გოგოხია მესტიაში სიუჟეტის მოსამზადებლად მას შემდეგ ჩავიდა, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ 4 მარტს გავრცელებულ ანგარიშში აღნიშნა, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში თანამდებობის პირებთან დაკავშირებულმა ოთხმა კომპანიამ, მათ შორის, მესტიის მერის დის კომპანიამ – „სასტუმრო უშბამ“, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში – „აწარმოე საქართველოში” – ფინანსური სუბსიდია მიიღო, რომლის ჯამური ოდენობაც 769 729 ლარია. ამავე ინფორმაციით, სუბსიდირებული კომპანიების ნაწილი და მათი მფლობელები სახელმწიფო შესყიდვებშიც მონაწილეობენ და მათ მიერ მიღებული შესყიდვების ჯამური ღირებულება 300 856 ლარია.
„მთავარი არხის“ განცხადებით, გოგოხია თავდაპირველად მუნიციპალიტეტის მერს ვერ დაუკავშირდა. თუმცა, მოგვიანებით, ჟორჟოლიანმა გოგოხიას თავად დაურეკა, მას შეურაცხყოფა მიაყენა, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და ქვეყნის დასატოვებლად ფულიც შესთავაზა.
ტელეკომპანიამ ასევე აღნიშნა, რომ სატელეფონო საუბრის მეორე დილას არხის გადამღებმა ჯგუფმა, რომელიც ღამე მესტიაში დარჩა, აღმოაჩინა, რომ მისი მანქანის ოთხივე საბურავი, სავარაუდოდ, დანით იყო დაჭრილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე (მუქარა) და 187-ე მუხლებით (ნივთის დაზიანება ან განადგურება) არის დაწყებული. თუმცა, „მთავარი არხის“ ინფორმაციით, მესტიის მერს ჯერჯერობით უფლებამოსილება ამ დრომდე არ შეუჩერდა.
სატელეფონო საუბრის კომენტირებისას, მესტიის მერმა განაცხადა, რომ ემა გოგოხია მისი დის სამზარეულოში ნებართვის გარეშე შევიდა და მას ბავშვების თვალწინ შეურაცხყოფა მიაყენა. მან ასევე აღნიშნა, რომ მისმა ოჯახმა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს „გამოიარა ყველანაირი განსაცდელი და უბედურება“ და მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობა აღარ არის, მის ოჯახს უწევს „მათი ბინძური ცილისწამებისა და პროვოკაციული ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლა“. ჟორჟოლიანმა ასევე განაცხადა, რომ მის მიერ ჟურნალისტვისთვის თანხის შეთავაზება „არის ძალიან დიდი სისულელე და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა“.
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ დაგმო „ბოლო პერიოდში მედიის წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების გახშირებული შემთხვევები“ და მოუწოდა ხელისუფლებას, უზრუნველყოს ჟურნალისტთა უსაფრთხოება.
აღსანიშნავია, რომ 24-25 თებერვლის ღამეს, თბილისში, თავს ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვან ვახო სანაიასა და მის ნათესავებსაც დაესხნენ. მაშინ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ და ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადეს, რომ მედიის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკამ უარყოფითად იმოქმედა ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე. ჟურნალისტების მიმართ ძალადობა დაგმეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)