მარტვილში მრევლი ახალ მიტროპოლიტს დაუპირისპირდა, დაშავდა ათამდე მოქალაქე
მედიის ცნობებით, ათამდე ადამიანი დაშავდა მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში, სადაც ახლადდანიშნულ მიტროპოლიტ სტეფანეს თაოსნობით მიმდინარე სასულიერო პირთა კრებაზე მიტროპოლიტის მოწინააღმდეგე გაბრაზებული მრევლი შევარდა. მრევლს წინააღმდეგობა მღვდლებმა გაუწიეს და მომიტინგეებს უკან დაახევინეს, რა დროსაც რეზიდენციის აივანს მოაჯირი მოძვრა და მოქალაქეები მეორე სართულიდან გადმოცვივდნენ.
პირველადი ინფორმაციით, დაშავებულებს შორის არიან, ტელეკომპანიების – „რუსთავი 2-ის“, „ფორმულას“, „ტელეკომპანია პირველის“, „მთავარი არხისა“ და „პოსტივის“ ოპერატორები და ჟურნალისტებიც. საგანგებო სიტუაციების ცენტრმა „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრა, რომ 5 დაშავებული მარტვილის ევექსის კლინიკაში გადაიყვანეს და რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შსს-მ ფაქტზე გამოძიება ჯანმრთელობის გაურთხილებლობით დაზიანების მუხლით (სსსკ-ის 124-ე) დაიწყო.
შეკრებილები გაშვებულ მიტროპოლიტ ცაავას უჭერენ მხარს
ჭყონდიდის ეპარქია განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში წელიწადნახევარია მოექცა, მას შემდეგ, რაც 2019 წლის 31 ოქტომბრის სხდომაზე, სინოდმა კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ისა და წმინდა სინოდის მიმართ „საჯაროდ, არაერთგზის გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების“ გამო, მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ეპარქიის მმართველობისგან გაათავისუფლა. ცაავამ მაშინ კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ს „პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი“ უწოდა.
თებერვალში ჭყონდიდის მიტროპოლიტად სტეფანე კალაიჯაშვილის დანიშვნამდე, ეპარქიის დროებითი მმართველის მოვალეობას ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია ასრულებდა, თუმცა ცაავას მომხრე მრევლთან და სასულიერო პირებთან ურთიერთობის დათბობა კაციამ ვერ მოახერხა. მსგავს წინააღმდეგობას ამჯერად მიტროპოლიტი სტეფანე აწყდება.
განახლებული დაძაბულობის მიზეზი
მარტვილში დღეს დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ ახალ მიტროპოლიტთან ერთად მსახურებაზე უარის თქმის გამო მიტროპოლიტმა სტეფანემ ორ დიაკონს – კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს – მღვდელმსახურება აუკრძალა. მიტროპოლიტ სტეფანეს ამ ნაბიჯს მოჰყვა მრევლის უკმაყოფილებაც, რომელიც გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად 8 მარტს ეპარქიის რეზიდენციის ეზოში შეიკრიბა და მიტროპოლიტისგან განმარტებები მოითხოვა.
ერთ-ერთმა ადგილობრივმა სასულიერო პირმა, სახელად სავარაუდოდ დანიელმა, ახალი მიტროპოლიტის გადაწყვეტილებას „უსამართლო“, ხოლო კაციასა და კალაიჯაშვილს საპატრიარქოს „მარიონეტები“ უწოდა.
„იმ იმედით ვიყავით, რომ [მიტროპოლიტი სტეფანე]… საღი აზროვნების იყო, ნორმალური, საქმის მცოდნე, პასუხის გამცემი… და მოვიდა გონორით და დაიწყო სამღვდელოების შეჩერება… მას ეს არ გაუვა… ჩვენ გვაქვს კითხვები, სულიერად ვართ მოშლილი, მეუფე პეტრეს წასვლის შემდეგ“, განაცხადა სასულიერო პირმა.
მრევლი ახალ მიტროპოლიტს უპირისპირდება
დღევანდელი თავდაპირველი დაძაბულობის დაცხრომის შემდეგ, საღამო ხანს მიტროპოლიტმა სტეფანემ რეზიდენციის დატოვება და იქვე, მარტვილის მონასტრისკენ მსახურების აღსასრულებლად გადანაცვლება დააპირა. რეზიდენციასთან კვლავაც მყოფ მოპროტესტე მრევლს მან ასე მიმართა:
„როცა შენ კაცი ხარ და მღვდელი ხარ, მოხვალ და ილაპარაკებ მღვდლებთან; მოხვედი და აქ მოიყვანე ხალხი მოტყუებული. და ყველა დაინახავს ცოტა ხანში, ვინ არი მართალი და ვინ არის მტყუანი.. თქვენ ახლა შეიძლება მიყვიროთ, მეჩხუბოთ, მაგრამ მე თქვენ მიყვარხართ, თქვენთვის მოვედი, თქვენ უნდა გაგათავისუფლოთ პროვოკატორი მღვდლებისგან“, განუცხადა ახალმა მიტროპოლიტმა მარტვილელ მრევლს.
„წადი! წადი!“, – უპასუხეს სკანდირებით მიტროპოლიტ სტეფანეს შეკრიბილმა მორწმუნეები, რომელთაც, მედიის ცნობებით, მას ეპარქიის მთავარ ტაძარში მსახურების საშუალება არ მისცეს.
საპატრიარქოს პოზიცია დღევანდელ მოვლენებზე
მართლმადიდებელი ეკლესიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მიტროპოლიტ სტეფანეს მოგვიანებით სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და სასულიერო პირთა კრებაზე ხალხის „შეჭრა“ დაგმო.
დეკანოზის თქმით, მსგავსი რამ საქართველოში „არ მომხდარა კომუნისტების დროიდან“. მან აღნიშნა, რომ ჭყონდიდის მიტროპოლიტის რეზიდენციაში დღევანდელ შეხვედრაზე მღვდელმსახურები ხმამაღლა მართლაც კამათობდნენ, თუმცა დასძინა, რომ „ეს არ ამართლებს შეჭრას“.
დეკანოზი ჟურნალისტების დაშავების ფაქტსაც გამოეხმაურა: „ძალიან სამწუხაროა რომ ჟურნალისტები დაზარალდნენ… იქ არის აივანი საკმაოდ ვიწრო [და] იყო ძალიან ბევრი ხალხი ასული. იქ არ უნდა ასულიყვნენ საერთოდ ჟურნალისტები“.
მარტვილის ინციდენტში „დანაშულის ნიშნები“ დაინახა „კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის“. კოალიაციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს დროული რეაგირების, „ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლისა და სხეულის დაზიანების ფაქტების“ შესწავლის, ასევე ეფექტიანი გამოძიებით მედიაზე გახშირებული თავდასხმების შეჩერებისკენ მოუწოდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)