საბჭოთა საქართველოში მშრომელ ქალთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს

გაზ. კომუნისტი, 1921 წლის 11 მარტი, N9

საერთაშორისო ქალთა დღის აღნიშნა

სამშაბათს, 8 მარტს თბილისის მშრომელმა ქალებმა იდღესასწაულეს საერთაშორისო ქალთა დღე. საბჭოთა რუსეთში ასეთ დღეებს აღნიშნავენ ხოლმე ზედმეტ მუშაობით, მაგრამ ჩვენ ჯერჯერობით შესაფერისად არ ვართ მოწყობილი და ამიტომ იძულებული ვიყავით ეს დიადი დღესასწაული აღგვენიშნა მხოლოდ ამ დღის უქმათ გამოცხადებით.

ნაშუადღევის ოთხი საათიდგან ყველა რაიონიდან შეიკრიბენ მშრომელი ქალები თბილისის კომიტეტის ბინაზე, საიდგანაც მრავალ რიცხოვანი პროცესია წითელი დროშებით, მუსიკით და ინტერნაციონალის სიმღერით დაიძრა ალექსანდროვის ბაღისკენ, სადაც საძმო საფლავის ირგვლივ, სადაც ამ დღეებში მიწას მიაბარეს რევოლუციის მხერპლნი და სადაც ამ სამი წლის წინად მენშევიკების მთავრობამ დახვრიტა ჩვენი ამხანაგების მიტინგი.

გაიმართა მიტინგი, რომელსაც მიესალმა რევკომის თავმჯდომარე ფილიპე მახარაძე. შემდეგ ამისა რამოდენიმე ორატორმა სხვა და სხვა ენაზე განუმარტეს მიტინგს 8 მარტის დღესასწაულის მნიშვნელობა და ქალის მნიშვნელობა მსოფლიო რევოლუციაში, რის შემდეგაც ერთხმათ მიღებულ იქმნა შესაფერი რეზოლუცია.