ელენე ხოშტარიამ ახალი პოლიტიკური მოძრაობა დააფუძნა

ევროპული საქართველოს ყოფილმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, რომელმაც პარტია 2020 წლის დეკემბერში დატოვა, ახალი პოლიტიკური მოძრაობა „დროა“ დააფუძნა, რომლის მიზანიც, „კორუმპირებულ ჩინოვნიკების, მოძალადეების, გამყალბებლების, ქურდების, კლანის წევრების, ნეპოტიზმის, რუსეთთან კავშირებისა და ყველანაირი უსამართლობის“ მხილებაა.

7 მარტს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, ხოშტარიამ თქვა, რომ ჩვენ „ნაწილ-ნაწილ ვკარგავთ“ სახელმწიფო ინსტიტუტებს და ხაზი გაუსვა, რომ სასამართლო, პროკურატურა, პოლიცია და სუსი პოლიტიკური დავალებების შესრულებით არის დაკავებული. მან მოსახლეობის წინაშე არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება.

„ყველაზე დიდი ბოროტება უიმედობაა“, – განაცხადა ხოშტარიამ და დაამატა, რომ „სახელმწიფო პროპაგანდა მუდმივად ცდილობს დაგვაჯეროს, რომ კორუფცია, გაჭირვება, უპერსპექტივობა და ოკუპაცია, ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა და ბედისწერაა“. აღნიშნა რა, რომ ეს ასე არ არის, მანვე განმარტა, რომ არსებული რეალობა ერთიანი ძალისხმევით, თანმიმდევრულობითა და მკაფიო გეგმით უნდა შეიცვალოს.

„რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ ახალი მოძრაობა ბევრ ისეთ ორგანიზაციასთან ითანამშრომლებს, რომელსაც „პარტიული პოლიტიკა არ უნდა“.

ელენე ხოშტარიამ ევროპული საქართველო გასული წლის დეკემბერში მას შემდეგ დატოვა, რაც პარტიამ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 3.79% აიღო და მიღებული ხმების რაოდენობით ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შემდეგ, მესამე ადგილზე გავიდა. ამავე არჩევნებში იგი ვაკის ერთმანდატიან ოლქში მაჟორიტარადაც იყრიდა კენჭს, სადაც პირველ ტურში ხმების 35.55% მიიღო. ხოშტარიამ სხვა ოპოზიციონერი კანდიდატების მსგავსად, მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა.

ელენე ხოშტარია პარლამენტში ევროპული საქართველოს პარტიული სიით მაინც მოხვდა, თუმცა პარტია ოპოზიციის საერთო ბოიკოტს შეუერთდა და საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვა.

2016-2020 წლებში ელენე ხოშტარია პარლამენტის დეპუტატი იყო. იგი 2017 წელს ევროპული საქართველოს სახელით დედაქალაქის მერის არჩევნებშიც მონაწილეობდა, სადაც ხმების 7.11%-ით მეოთხე ადგილზე გავიდა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ელენე ხოშტარია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიის წამყვან პოზიციაზე იყო. მან პარტია 2017 წლის იანვარში დატოვა და სხვა თანაგუნდელებთან ერთად, ევროპული საქართველო დააარსა.

უფრო ადრე, 2007-2012 წლებში ხოშტარია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე იყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)