სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში 5 პირი დამნაშავედ ცნო
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დღეს 2020 წლის ივნისში 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში 5 პირი დამნაშავედ ცნო.
მათგან სასამართლომ სამ სრულწლოვანს 16 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ორი არასრულწლოვნის სასჯელს კი – უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.
სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რომელიც დაკავებულებს სისხლის სამართლის კოდექსის 119-ე მუხლის (მე-2) დარღვევას ედავებოდა, რაც 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
დაცვის მხარის განცხადებით, ისინი ამ განაჩენს არ ელოდნენ. მათივე მტკიცებით, საქმეში მკვლელობის დამადასტურებელი „არანაირი მტკიცებულება“ არ დევს. ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციებში გაასაჩივრებენ.
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ გასული წლის ივნისში ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 17 პირი დააკავა. მოგვიანებით, აგვისტოში 5 მათგანს ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმა.
თავდაპირველად, ინციდენტი 18 ივნისს, მცხეთაში მდებარე აგარაკზე გამართულ წვეულებაზე დაიწყო, რომელსაც გიორგი შაქარაშვილიც ესწრებოდა. წვეულებაზე სტუმრებს შორის ურთიერთშელაპარაკებისას ვახტანგ ჩიქოვანს სცემეს, რომელიც დღეს სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ამის შემდეგ, იგი თბილისში ჩამოვიდა და შურისძიების მიზნით, მეგობრებთან ერთად „ტოიოტა ქამრის“ და „მერსედესის“ მარკის ავტომობილებით კვლავ მცხეთისკენ გაემართა.
გამოძიების ვერსიით, ამ დროისთვის, წვეულებაზე მყოფთა უმრავლესობამ, მათ შორის, შაქარაშვილმაც რამდენიმე პირთან ერთად, აგარაკი დატოვა და თბილისისკენ ფეხით მიემართებოდნენ, რა დროსაც მათ მერსედესის ავტომობილის მგზავრები დაესხნენ, შაქარაშვილის მეგზურები სცემეს და რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილი დატოვეს. თავად შაქარაშვილმა თავს გაქცევით უშველა.
პროკურატურის ინფორმაციით, შაქარაშვილი და მისი თანმხლებნი თბილისისკენ კვლავაც ფეხით გამოემართნენ, რა დროსაც მათ გზა ამჯერად „ტოიოტა ქამრის“ ავტომობილმა გადაუჭრათ. შედეგად, შაქარაშვილი და მის თანმხლები პირები სხვადასხვა მიმართულებით გაიქცნენ. „ტოიოტა ქამრის“ მგზავრები შაქარაშვილს დაედევნენ, იგი „სასტიკად“ სცემეს და არაგვში გადააგდეს, რის შემდეგაც იგი გარდაიცვალა.
17 დაკავებულიდან სასამართლომ 6 ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში დამნაშავედ გასული წლის ნოემბერში ცნო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)