სასამართლომ პროკურატურას „ტელეკომპანია პირველიდან“ მასალების ამოღების უფლება მისცა
თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 მარტის განჩინებით პროკურატურას „ტელეკომპანია პირველიდან“ 6 მარტს ეთერში გასული ფარული ჩანაწერების საქმეზე კონფიდენციალური წყაროს მიერ ტელევიზიისთვის გადაცემული „ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის“, აგრეთვე იმ კონვერტის/შეფუთვის ამოღების უფლება მისცა, რომელშიც ეს მოწყობილობა იყო მოთავსებული.
„საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელ პირს ან ორგანოს უფლება აქვს წინააღმდეგობის გაწევისას გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა“, – ვკითხულობთ ტელეკომპანია პირველის მიერ დღეს გასაჯაროებული განჩინებაში.
ამავე განჩინებით, საგამოძიებო უწყებას ტელეკომპანია პირველიდან სასურველი მასალის ამოღებისთვის 30 დღიანი ვადა აქვს. განჩინების გასაჩვრება ერთჯერადად, აღსრულებიდან 48 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.
ტელეკომპანიის პასუხი
„ტელეკომპანია პირველის“ პროდიუსერი, ნოდარ მელაძე განმარტავს, რომ პროკურატურა ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილი ფაქტების მოკვლევით არ ინტერესდება და ტელეკომპანიისგან, მხოლოდ იმ ნივთების ამოღებას ითხოვს, რითაც მათ „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მასალა“ გადაეცათ. აღნიშნული მას უჩენს ეჭვს, რომ საგამოძიებო უწყება „პირდაპირი და ირიბი ხერხებით“ წყაროზე გასვლას ცდილობს.
„ჩვენი, ჟურნალისტების მოვალეობაა, დავიცვათ წყარო და ამის უფლებას ჩვენ გვაძლევს კანონი, როგორც პირადპირ არ ვუთხრათ წყაროს შესახებ ინფორმაცია, ასევე არ მივანიშნოთ არანაირი ირიბი მინიშნება არ მივცეთ წყაროსთან დაკავშირებით“, – განაცხადა მელაძემ.
მელაძის თქმით, მას წარმოდგენა არ აქვს, რა კონვერტს ითხოვს გამოძიება. „განჩინებაში მოყვანილი გარემოებები, რასაც ისინი ითოხვენ, ბუნებაში არ არსებობს“, – განმარტა მელაძემ და დაამატა, რომ იგი არ აპირებს იმის თქმას, თუ „როდის, რა ვითარებაში და ვისგან“ მიიღო მასალა.
მელაძემ ასევე აღნიშნა, რომ პროკურატურას შეეძლო ტელეკომპანიისთვის ჟურნალისტურ გამოძიებაში მოცემული მასალების გადაცემის მოთხოვნით მიემართა, თუმცა ასე არ მოიქცა, წავიდა სასამართლოში და მისგან ტელევიზიაში „ძალის გამოყენებით“ შესვლის უფლება მოითხოვა.
„[გენერალური პროკურორი] ასრულებს პოლიტიკურ დავალებას, მისი მოტივი არის ტერორი, რომელიც მიიღო ქართული ოცნების ხელისუფლების მაღალჩინოსნებისგან, რომ ამ ქვეყანაში დააშინონ და გააჩუმონ [კრიტიკული] მედია“, – თქვა ნოდარ მელაძემ.
იურისტების შეფასება
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) აღმასრულებელი დირექტორი ნიკა სვიმონიშვილი ამბობს, რომ სასამართლოს განჩინება პროკურატურას „ტელეკომპანია პირველში“ შესვლისა და „ჩხრეკა-ამოღების“ ჩაატარების შესაძლებლობას აძლევს.
მისივე შეფასებით, ამ ფორმით, ტელეკომპანიაში შესვლის აუცილებლობა არ არსებობდა, რადგანაც პროცედურულად პროკურატურას სასურველი მასალის მიღების მოთხოვნით ჯერ ტელეკომპანიისთვის უნდა მიემართა, სასამართლოში კი – მოხლოდ უარის შემთხვევაში წასულიყო.
„ჟურნალისტის მიერ მოპოვებული ინფორმაცია არის პროფესიული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია და თუ სასამართლო განჩინება ან, ზოგადად, სახელმწიფოს ნებისმიერი ქმედება იძლევა იმის საშუალებას, რომ გავიდეს წყაროზე, ეს პირდაპირ იქნება, თუ [ირიბად] არ არის კანონის შესაბამისი“, – დაამატა მან.
რას ამბობს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის, პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით: მოწმედ დაკითხვისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის გადაცემის ვალდებულება არ ეკისრება – ჟურნალისტს – პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით: „პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის არ აქვს უფლება, მოითხოვოს ამ წყაროს გამხელა. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ სასამართლო დავისას მოპასუხეს არ შეიძლება დაეკისროს კონფიდენციალური ინფორმაციის წყაროს გამხელის ვალდებულება“.
ამბის წინაისტორია
„ტელეკომპანია პირველმა“ 6 მარტს ფარული აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა, რომლებშიც ისმის, რომ ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დამცირებას, დაშინებასა და დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების ოჯახის შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ჩანაწერების მიხედვით, იგი ამ თემაზე ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთანაც საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს და ახალისებს.
ფარულ ჩანაწერებზე პროკურატურამ გამოძიება 9 მარტს „უნებართვო ჩაწერის“, ასევე „ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე“ დაიწყო და განმარტა, რომ მათი „ავთენტურობის დადგენის მიზნით“ დაინიშნება ექსპერტიზებიც.
ასევე წაიკითხეთ:
- ბერა ივანიშვილი: ოჯახის შეურაცხმყოფელთ „პასუხს დღესაც მოვთხოვ“
- სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ფარულ ჩანაწერებზე საუბრობს
- არასამთავრობოები ფარული ჩანაწერების ნამდვილობის დადგენასა და პრემიერის განმარტებებს ითხოვენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)