უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისს ესტუმრა
უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, რომელიც 11-12 მარტს თბილისს სტუმრობდა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს და განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს შეხვდა.
საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრებთან შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სფეროდ განათლება დასახელდა.
ამავე ინფორმაციით, მინისტრმა პიტერ სიიარტომ და საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც „ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას როგორც უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიმართულებით, ისე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროებში“.
საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ საქართველო „მზადაა გააძლიეროს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები, რათა ქვეყანა მზად იყოს, შეიტანოს განაცხადი 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე“.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მოქალაქეების თვითნებულ დაკავებებს, ასევე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების „ანექსიის, ოკუპაციისა და უკანონო ბორდერიზაციის“ გაგრძელებას.
საქართველოს საგარეო უწყებამ აღნიშნა, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მხარი დაუჭირა საქართველოს გეგმებს 2024 წელს ევროკავშირში წევრობის განაცხადის შეტანასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა, რომ შემდგომი გაფართოება აუცილებელია 27-წევრიანი კავშირის გასაძლიერებლად.
„ევროკავშირი მუდმივად კარგავს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ძალაუფლებას გლობალური მასშტაბით და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი შევცვალოთ. ერთადერთი გზა ამისათვის არის ევროკავშირის გაფართოების დაჩქარება და ახალი პარტნიორების მოძებნა“, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)